დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

აზერბაიჯანი სომხეთს პოზიციებზე ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, ერევანი უარყოფს

აზერბაიჯანელი სამხედრო და პოლიციელი ქალბაჯარის რაიონში, 2020 წლის 21 დეკემბერი.
Reuters

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც სომხეთის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით სროლაში დაადანაშაულა.

აზერბაიჯანის განცხადების მიხედვით, 10 სექტემბრის დღიდან 11 სექტემბრის დილამდე ქალბაჯარის რაიონში მდებარე სამ დასახლებაში აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლს უხსნიდნენ. განცხადებისვე მიხედვით, სხვადასხვა კალიბრის მქონე იარაღით რეგულარულად ხსნიდნენ ცეცხლს ლაჩინის რეგიონშიც. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ საპასუხო ზომები მიიღეს და მოწინააღმდეგე უკუაგდეს. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აზერბაიჯანის განცხადებას დეზინფომრაციას უწოდებენ. მათი თქმით, 10-11 სექტემბერს სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ცეცხლი არ გაუხსნიათ და სიტუაცია სტაბილურია.

მსგავსი ბრალდებები ბოლოს 3-4 სექტემბერსაც გავრცელდა. მაშინ აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებდა, ერევანი კი უარყოფდა. 6 სექტემბერს კი, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანი ცეცხლის გასხსნასა და 1 სამხედროს მოკვლაში დაადანაშაულა, რაც ბაქოში უარყვეს. 

აქამდე, 31 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სამშვიდობო ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ. ამ ფორმატის მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდება.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება ხელახლა აგვისტოს დასაწყისში დაიძაბა.

3 აგვისტოს აზერბაიჯანმა ლაჩინის მიმართულებით ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ "კონტრტერორისტული ოპერაცია" ჩაატარა.

ამავე დღეებში, ვითარების დაძაბვის ფონზე, სეპარატისტულმა ე.წ. მთავრობამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ყარაბღსა და სომხეთს შორის ახალი მარშრუტით გაადგილების ორგანიზებას მოითხოვდა.

12 აგვისტოს ილჰამ ალიევი ითხოვდა, რომ ლაჩინი, ზაბუჰო და სუსი "უკანონოდ ჩასახლებულ" ხალხს თავისი ნებით დაეტოვებინა და აქ აზერბაიჯანელები დასახლებულიყვნენ.

26 აგვისტოს ილჰამ ალიევმა გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა კონტროლი აღადგინეს ქალაქ ლაჩინზე. 

ლაჩინის დერეფანი, რომელსაც რუსი სამშვიდობოები აკონტროლებდნენ, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის ერთადერთ მაკავშირებლად რჩებოდა. 

ლაჩინს 1992 წლიდან ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მთავრობის კონტროლქვეშ იყო.

 

კომენტარები