რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კადიროვი უკან დახევით უკმაყოფილოა და უკრაინული ქალაქების "დაბრუნების" პირობას დებს

რამზან დონ კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, რუსეთის არმიის უკრაინაში უკან დახევით უკმაყოფილოა. ის აღნიშნავს, რომ ხარკოვის მიმართულებით დატოვებული ყველა ქალაქი "უკან დაბრუნდება". 

"მე, რამზან კადიროვი, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ყველა ეს ქალაქი დაბრუნდება უკან, ჩვენი ხალხი უკვე არის იქ, სპეციალურად ამ საქმისთვის გაწვრთნილი, მზად არის კიდევ ათი ათასი მებრძოლი წასასვლელად. ჩვენ უახლოეს მომავალში ოდესაში ჩავალთ, თქვენ კი იხილავთ კონკრეტულ შედეგებს". - აცხადებს კადიროვი. 

კადიროვი სამხედრო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ რუსემა უკრაინელებს "რამდენიმე ქალაქი აჩუქეს".

"ვერავის დავაბრალებ, რადგან სიღრმისეულად არ მესმის, რა სტრატეგია შემუშავდა, მაგრამ ერთი რამ ვიცი: რუსეთი გაიმარჯვებს და NATO-ს ეს შაიტანები და დასავლეთ ევროპის სადაზვერვო სამსახურები, მათი იარაღი ჩახშობილი იქნება, დათრგუნული იქნება. ჩვენი მებრძოლების სულისკვეთებით" - ამბობს კადიროვი. 

უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.

ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, უკრაინულმა ძალებმა 6 სექტემბრიდან, ბოლო ხუთ დღეში ფრონტი დაახლოებით 70 კილომეტრით გაარღვია და 3 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიპყრო, რაც  აპრილიდან მოყოლებული ყველა ოპერაციის შედეგად რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებზე მეტია. 

უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთის ჩრდილოეთ დონბასის ღერძს ანადგურებენ. კვლევის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პოზიციებს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანში და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში.

კომენტარები