დიდი ბრიტანეთი

ჩარლზ III გაერთიანებული სამეფოს მეფედ ოფიციალურად გამოცხადდა

ჩარლზ III გაერთიანებული სამეფოს მეფედ დღეს, ისტორიულ ცერემონიალზე ოფიციალურად გამოცხადდა. ქვეყნის ისტორიაში პირველად, ცერემონიალი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. 

მონარქის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტის მემკვიდრის ოფიციალური გამოცხადება საიდუმლო საბჭოს მიერ ხდება. ამის შემდეგ, მეფე პირველ საიდუმლო საბჭოს სხდომას მართავს. მეფე ჩარლზ III ცერემონიალის პირველ ნაწილს არ დაესწრო, წმინდა ჯეიმსის სასახლეში იგი მხოლოდ მეორე ნაწილზე, საბჭოს სხდომაზე გამოცხადდა. 

გაერთიანებული სამეფოს მეფემ, ჩარლზ III-მ ხელი მოაწერა ფიცს, რომ დაიცავს შოტლანდიის ეკლესიის უსაფრთხოებას. მეფესთან ერთად, ხელი ასევე დედოფალმა-კონსორტმა კამილამ და უელსის პრინციპმა უილიამმა მოაწერეს. ცერემონიის შემდეგ, ჩარლზ III სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ იმ მძიმე ამოცანას, რომელიც როგორც მონარქს, დაეკისრა, მთელ ცხოვრებას მიუძღვნის. 

"დედაჩემმა სიყვარულისა და თავგანწირვის მაგალითი გვიჩვენა. მისი ტახტზე ყოფნა შეუდარებელი იყო როგორც ხანგრძლივობით, ასევე ერთგულებითა და თავდადებით. ვაცნობიერებ ამ მძიმე და მნიშვნელოვან მემკვიდრეობას, რომლებიც ახლა გადმომეცა. იმ მძიმე ამოცანას, რომელიც დამეკისრა, მთელს დარჩენილ ცხოვრებას მივუძღვნი". - თქვა ჩარლზ III-მ.

8 სექტემბერს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

ელისაბედი მონარქის ტიტულს 70 წლის განმავლობაში იკავებდა.

კომენტარები