რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Единая Россия: უმჯობესია, თუ უკრაინაში რეფერენდუმები 4 ნოემბერს ჩატარდება

ვლადიმირ პუტინი, დმიტრი მედვედევი და ანდრეი ტურჩაკი

რუსეთის მმართველი პარტიის, Единая Россия-ის გენერალური საბჭოს მდივნის, ანდრეი ტურჩაკის თქმით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმი 2 თვით უნდა გადავადდეს და 4 ნოემბერს, რუსეთის ეროვნული ერთიანობის დღეს უნდა ჩატარდეს. 

"სწორი და სიმბოლური იქნება, თუ რეფერენდუმები 4 ნოემბერს, ეროვნული ერთიანობის დღეს ჩატარდება. ეს არის ისტორიული თარიღი, რომელიც ყველას გვაერთიანებს". - წერს ტურჩაკი Telegram-ზე. 

უკრაინის ოლქში, ხერსონში, რომელიც ამჟამად რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულია, რუსეთის ფედერაციასთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმს ამ წლის შემოდგომაზე გეგმავენ. ამის შესახებ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან ხერსონის ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის მარიონეტი ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ სტრემოუსოვმა ისაუბრა. 

"ვემზადებით რეფერენდუმისთვის. მიმდინარეობს საორგანიზაციო საკითხები. რეფერენდუმის შემდეგ, ჩვენ რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანი სუბიექტი გავხდებით. რჩება სულ მცირე დრო, რათა თავი უდიდესი ქვეყანა რუსეთის სრულუფლებიან მოქალაქედ შევიგრძნოთ. ჩვენ ყირიმის გზით მივდივართ". – თქვა მარიონეტმა მოხელემ. 

აქამდე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინის ოკუპირებული ოლქების, ზაპოროჟიესა და ხერსონის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას.

ამას გარდა, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში უკრაინული საკომუნიკაციო საშუალებები რუსულით ჩაანაცვლეს, მათ შორის, შეცვალეს სატელეფონო კოდი.

ხერსონის მარიონეტული ადმინისტრაცია ობოლ და 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დაბადებულ ბავშვებს რუსეთის მოქალაქეობას ავტომატურად მისცემს.

კომენტარები