საქართველო-უკრაინა

"გულწრფელი მადლობა თქვენს ქვეყანასა და პერსონალურად თქვენ" – ზელენსკი ზურაბიშვილს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართა და მხარდაჭერისთვის საქართველოს და პერსონალურად ზურაბიშვილს ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. წერილი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე - "დიდება უკრაინას" საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა წაიკითხა.

"მსურს, რომ გამოვხატო გულწრფელი მადლიერება თქვენი ქვეყნის მიმართ და პერსონალურად მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ქალბატონო პრეზიდენტო ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტში მონაწილეობისათვის. ეს სამიტი მსოფლიო დემოკრატიების ერთიანობის, ძლიერებისა და სიმტკიცის დემონსტრირება იყო უკრაინის და საერთაშორისო წესრიგის დაცვაში რუსეთის აგრესიისგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამიტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი არ შეეგუებიან რუსეთის მიერ ყირიმის დროებით ოკუპაციას და არასდროს აღიარებენ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ანექსიას. სამიტზე ასევე უკრაინელი ხალხის კანონიერი უფლება დადასტურდა, დაიცვან თავი რუსული აგრესიისგან (რომელიც 2014 წელს ყირიმის მიტაცებით დაიწყო) გაათავისუფლონ უკრაინის მთელი ტერიტორია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძულიც.

მადლიერი ვარ თქვენი ქვეყნის უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც ფასდაუდებელია ჩვენთვის, რადგან ჩენი მხარდაჭერა ჩვენს გამარჯვებასთან გვაახლოებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ, რაც შეიძლება მალე გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა ოკუპანტებისგან და მართლმსაჯულების წინაშე დადგნენ ისინი, ვინც აგრესიული და დანაშაულებრივი ომისთვისაა აპსუხისმგებელი. მოუთმენლად ველი თანამშრომლობის გაგრძელებას ყირიმის პლატფორმის ფარგლებში - თქვენი ქვეყნის მონაწილეობას ყირიმის პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტსა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაში. მტკიცედ მჯერა, რომ აგრესორს ერთიანი ძალით დავამარცხებთ". - წერია ვოლოდიმირ ზელენსკის წერილში.

მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის და EPRC-ის ორგანიზებული კონფერენციის წლევანდელი თემა უკრაინაა. საერთაშორისო კონფერენცია თბილისში 5 სექტემბერს დაიწყო. 

კომენტარები