ბათუმის მერიის თასი

"ქალი კაცთა პრიზს ვერ აიღებს" – მოჭადრაკე ბათუმში ტურნირზე მომხდარ დარღვევაზე წერს

17 წლის მოჭადრაკე, თამუნა ესაძე საჭადრაკო ფესტივალს - ბათუმის მერიის თასს დებულების დარღვევაში ადანაშაულებს და წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას ჯილდო ღია ტურნირზე მეორე ადგილზე გასვლისთვის უნდა გადასცემოდა, დააჯილდოვეს როგორც ქალთა კატეგორიაში პირველ ადგილზე გასული და ამის მიზეზად განუცხადეს, რომ "ქალი კაცთა პრიზს ვერ აიღებს".

"გამარჯობა მეგობრებო, მინდა მოგიყვეთ მორიგი უსამართლობის შესახებ რაც გადამხდა ბათუმის მერიის თასის 2022 წლის ტურნირზე.

მთლიანი ღია ტურნირის მეორე ადგილი დავიკავე (სადაც პრიზი იყო 1 300 ლარი) და დამაჯილდოვეს როგორც ქალთა პირველ ადგილზე გასული (პრიზი 900 ლარი). ოფიციალური დებულების მიხედვით (რომელიც კვლავ უცვლელად უდევთ ოფიციალურ საიტზე) მეკუთვნოდა რომ დავჯილდოვებულიყავი როგორც მთლიანი ტურნირის მეორე ადგილოსანი. როდესაც დავიწყე გასაჩივრება და მივმართე ორგანიზატორს, მითხრეს რომ მთავარმა მსაჯმა ეს გამოგვიცხადა პირველი ტურის დაწყებამდე, რომ ქალი კაცთა პრიზს ვერ აიღებდა. გთხოვთ მითხარით რომელიმე ქვეყანაში ხდება ასეთი რამ? რომ ოფიციალურ დოკუმენტს (რისი გაცნობის შემდეგაც იღებ ადამიანი გადაწყვეტილებას მიიღო მონაწილეობა თუ არა ტურნირში) ცვლიან უბრალოდ სიტყვიერი გამოცხადებით?". - წერს ესაძე.

მე-6 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ბათუმის მერიის თასი - 2022 მიმდინარე წლის 22 აგვისტოს დაიწყო და 2 სექტემბერს დასრულდა. ტურნირის ორგანიზატორები ბათუმის მერია, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონა იყვნენ.

ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული დებულებაში წერია, რომ "ერთი და იგივე მონაწილის მიერ ერთ ტურნირში რამდენიმე პრიზის მოპოვების შემთხვევაში, პრიზიორს გადაეცემა მხოლოდ ერთი უდიდესი პრიზი". დებულების ამ პუნქტის მიხედვით კი გამოდის, რომ თამუნა ესაძეს ჯილდო ღია ტურნირზე მეორე ადგილზე გასვლისთვის უნდა მიეღო, თუმცა როგორც მოჭადრაკე წერს - იგი მხოლოდ ქალთა კატეგორიაში პირველ ადგილზე გასვლისთვის დააჯილდოვეს.

ტაბულა მომხდართან დაკავშირებით პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ ბათუმის მერიისა და საქართველოს საჭადრაკო ფედერაციის კომენტარებს. 

კომენტარები