რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის შეიარაღებული ოპოზიცია უკრაინაში გაერთიანდა

ლეგიონი თავისუფალი რუსეთის შევრონი და დროშა

31 აგვისტოს უკრაინაში, ირპენში რუსეთის შეიარაღებული ოპოზიცია გაერთიანდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფი, ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და ეროვნული რესპუბლიკური არმია (НРА) ხელს აწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას და გეგმავენ საერთო პოლიტიკური ცენტრის შექმნას, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი, ილია პონომარიოვი გაუძღვება.

რუსეთის თავისუფლებიდან დეკლარაციას ხელი სამხედრომ, ზედმეტსახელად ცეზარმა მოაწერა, ხოლო, როგორც ამბობენ, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოქმედმა НРА-მ ხელმოწერა პონომარიოვს მიანდო, რომელიც მათ შესახებ აქტიურად საუბრობს.

როგორც უკრაინულ მედიაში წერენ, დოკუმენტზე ხელმოწერას აპირებს უკრაინის მხარეს მოქმედი რუსეთის მოხალისეობრივი კორპუსიც (РДК).

"ყველა ჩვენი ქვედანაყოფი, ყველა ჩვენი ქმედება, რომელსაც ომის დაწყებიდან ვაწარმოებდით, ერთ რამეზე იყო მიმართული, რომ ეს რეჟიმი (პუტინის) უნდა დაეცეს, იმპერია უნდა მოკვდეს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, ეს ომი კი უნდა დასრულდეს. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი". – ამბობს პონომარიოვი. 

"ახლა გვესმის, რომ საჭიროა მომდევნო ნაბიჯის გადადგმა. ვხედავთ, რამხელა გაუგებრობას, გაოცებას, კითხვებს იწვევს ის, რომ, აღმოჩნდა, არსებობენ რუსები, რომლებიც უკრაინელების მხარდამხარ იბრძვიან, რომლებიც შეიარაღებულ წინააღმდეგობას წევენ და მიზნად ისახავენ ბოლომდე წინსვლას. ამიტომ გვესმის, რომ საჭიროა შეიქმნას რაღაც პოლიტიკური წარმომადგენლობა, საერთო ცენტრი, რათა ავხსნათ ჩვენი მიზნები, ვაჩვენოთ, მოვყვეთ, ვეკონტაქტოთ როგორც სამთავრობო ორგანოებს, ისე ჟურნალისტებს". – დაამატა პონომარიოვმა. 

სიტყვით გამოვიდა ლეგიონი რუსეთის თავისუფლების წარმომადგენელიც.

"ჩვენ მადლობელი ვართ უკრაინელი ხალხის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობისა და პრეზიდენტი ზელენსკის, რომ მათ მოგვცეს შესაძლებლობა იარაღით ხელში ჩამოგვერეცხა სირცხვილი, რომლითაც რუსმა ხალხმა საკუთარი თავი დაიფარა. ჩვენთვის დიდი ღირსებაა უკრაინელების მხარდამხარ დგომა". – თქვა ლეგიონის მებრძოლმა, ზედმეტსახელად ცეზარმა. 

შეთანხმების ფარგლებში, საერთო მიზნების გარდა, გამოცხადდა ანტიპუტინური წინააღმდეგობის საერთო სიმბოლიკაც. საერთო სიმბოლო იქნება თეთრი-ლურჯი-თეთრი დროშა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფი, ლეგიონი რუსეტის თავისუფლება 2022 წლის მარტში შეიქმნა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მის ჩამოყალიბებაში მოანწილეობდა გაზპრომბანკის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ ვოლობუევი.

ინფორმაცია ეროვნული რესპუბლიკური არმიის არსებობის შესახებ 21 აგვისტომდე არ არსებობდა, მანამ სანამ არ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ აიღეს კრემლის პროპაგანდისტის, რუსული სამყაროს იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას აფეთქების პასუხისმგებლობა. 

ილია პონომარიოვის ცნობით, დაჯგუფება პასუხისმგებლობას იღებს ბოლო პერიოდში რუსეთში სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტის აფეთქებაზეც. 

ილია პონომარიოვმა ეთერში წაიკითხა ეროვნული რესპუბლიკური არმიის მანიფესტიც, რომელიც Утро Февраля-ს ტელეგრამ-გვერდზე გამოქვეყნდა. მანიფესტში დაჯგუფება პუტინისა და მისი თანამზრახველების განადგურებით იმუქრება და წერს, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს მათგან საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები