ოსკარი 2023

კრის როკი: მომავალი ოსკარის წაყვანა შემომთავაზეს, უარი ვთქვი

Deadline

კრის როკმა 2023 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის წაყვანაზე უარი თქვა. კომიკოსმა ამის შესახებ ქალაქ ფინიქსში გამართულ სტენდ-აპ კონცერტზე ილაპარაკა.

როკმა ოსკარის დაჯილდოების წამყვანობაზე თანხმობა ხუმრობით დანაშაულის ადგილზე დაბრუნებას შეადარა.

ინფორმაციას არ ადასტურებს ამერიკის კინოაკადემია. 

"ჩვენ გვსურს, გზა გავაგრძელოთ და ამ შემთხვევაზე აღარ გავამახვილოთ ყურადღება. მომავალი ოსკარი თავიდან ბოლომდე კინოს ზეიმი იქნება". – განაცხადა კინოაკადემიის ახალმა ხელმძღვანელმა, ბილ კრამერმა.

როკი ცერემონიას ორჯერ გაუძღვა, 2005 და 2016 წლებში. გარდა ამისა, კომიკოსი სხვა წლების დაჯილდოებებზე წარმდგენის როლს ითავსებდა.

28 მარტს, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე უილ სმიტმა კომიკოს კრის როკს სილა გაარტყა.

სცენაზე კატეგორიის წარსადგენად გამოსული კრის როკი რამდენიმე ვარსკვლავს გაეხუმრა. კომიკოსმა იხუმრა უილ სმიტის ცოლის, ჯადა პინკეტ-სმიტის ვარცხნილობაზე. პინკეტ-სმიტი ბოლო პერიოდში თავს იპარსავს, ვინაიდან ალოპეცია (თმის ცვენა) აქვს. უილ სმიტი სცენაზე ავიდა და ხუმრობის ავტორს სილა გაარტყა. 

სმიტმა მოგვიანებით მეფე რიჩარდში შესრულებული როლისთვის კარიერაში პირველი ოსკარი მიიღო. მადლობის სიტყვაში მან ბოდიში მოუხადა აკადემიას და ნომინანტებს, თუმცა არ უხსენებია კრის როკი. მსახიობმა გამოსვლა ამ სიტყვებით დაასრულა: "იმედია, კინოაკადემია კიდევ მომიწვევს დაჯილდოებაზე".

მეორე დღეს უილ სმიტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით კომიკოსს ბოდიში მოუხადა. კრის როკმა სმიტს პოლიციაში არ უჩივლა.

მოგვიანებით, სმიტმა ამერიკის კინოაკადემიის რიგები საკუთარი სურვილით დატოვა. 8 აპრილს კინოაკადემიამ უილ სმიტს დაჯილდოებაზე დასწრება 10 წლით აუკრძალა.

2 აგვისტოს უილ სმიტმა კრის როკს ვრცელი ვიდეომიმართვით ბოდიში მოუხადა.

კომენტარები