რუსეთი-ევროკავშირი

გერმანულ-დანიური ქარის ენერგიის ჰაბი ევროპას რუსული გაზის ჩანაცვლებაში დაეხმარება

Patrick Pleul/DPA, via Associated Press

გერმანიისა და დანიის მთავრობების თანახმად, ბალტიისპირეთში დაგეგმილი ოფშორული ქარის ელექტროსადგური ევროპას რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაში დაეხმარება. გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ღირებულება €9 მილიარდს შეადგენს.

Bornhold Energy Island-ი ბალტიის ზღვაში რამდენიმე ქარის ელექტროსადგურს დააკავშირებს და მათ მიერ წარმოებულ ენერგიას ორ ქვეყანას შორის გაანაწილებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისია მიზნად ისახავს ევროპის ოფშორული ქარის სიმძლავრე მისი ამჟამინდელი დონიდან 12 გიგავატიდან, 2050 წლისთვის 300 გიგავატამდე გაზარდოს.

25 ივლისს,  რუსეთის უმსხვილესმა გაზმიმწოდებელმა, გაზპრომმა მილსადენ ჩრდილოეთის ნაკად 1-ზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინის მუშაობა შეაჩერა. როგორც რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია წერს, შედეგად, ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება ამჟამინდელ რაოდენობასთან შედარებით განახევრდება.

11 ივლისს, ყოველწლიური გეგმური სამუშაოების მიზეზით, ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება 10 დღით შეწყდა. არსებობდა შიში, რომ რუსეთი ბუნებრივი აირის დენას არ აღადგენდა, თუმცა მიწოდება 21 ივლისს აღდგა.

ჩრდილოეთის ნაკადი 1, რომელიც ბალტიის ზღვაზე გადის, ყოველწლიურად რუსეთიდან გერმანიაში 55 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გზავნის. ამ გაზსადენზე ევროკავშირის მრავალი ქვეყანაა დამოკიდებული. 

კომენტარები