ევროკავშირი-რუსეთი

ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდება აღდგა

მილსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის ოპერატორის თქმით, ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება აღადგინეს. გაზსადენი ყოველწლიური გეგმიური სამუშაოების გამო 10 დღით იყო დახურული. 

გეგმიური სამუშაოების გამო მილსადენით გაზის მიწოდება 11 ივლისს შეწყდა. არსებობდა შიში, რომ რუსეთი ბუნებრივი აირის დენას არ აღადგენდა.

ჩრდილოეთის ნაკადი 1, რომელიც ბალტიის ზღვაზე გადის, ყოველწლიურად რუსეთიდან გერმანიაში 55 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გზავნის. ამ გაზსადენზე ევროკავშირის მრავალი ქვეყანაა დამოკიდებული. მას შემდეგ, რაც ბალტიის ზღვაზე გამავალი ჩრდილოეთის ნაკადი 1 გაითიშა, ევროპის ქვეყნები ბუნებრივ აირს უკრაინის გავლით იღებენ.

გასულ თვეში, 14 ივნისს რუსეთმა ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით ბუნებრივი აირის მიწოდება 40%-ით შეამცირა და მიზეზად დაასახელა ის, რომ კანადამ არ დააბრუნა ტურბინები, რომლებსაც არემონტებდნენ. 

17 ივლისს კანადამ სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გერმანიაში თვითმფრინავით გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადის ტურბინა გაგზავნა. ამის შესახებ Reuters-ი რუსულ გამოცემა Kommersant-ზე დაყრდნობით წერს.  

გამოცემის ინფორმაციით, ტურბინას რუსეთი ხუთიდან შვიდ დღემდე ვადაში მიიღებს, იმ შემთხვევაში, თუ მის ტრანსპორტირებას ლოჯისტიკური პრობლემები არ შეექმნება.

რუსული გაზპრომის მტკიცებით, აქამდე კანადა ტურბინის უკან დაბრუნებაზე უარს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ამბობდა. 

კომენტარები