რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ყველა ბლოკი ქსელიდან გაითიშა

რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან, 2022 წლის მაისი.
Associated Press

ისტორიაში პირველად, ენერგოქსელიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ბლოკი გაითიშა. ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო ენერგოოპერატორი, ენერგოატომი ავრცელებს. 

ენერგოატომის ინფორმაციით, 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს თერმული ელექტროსადგურში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანასკნელი, მეოთხე კავშირის ხაზის ორჯერ გათიშვა. დანარჩენი სამი ხაზი აქამდე რუსი ოკუპანტების იერიშების შედეგად გაითიშა. 

ამის შედეგად, ქსელიდან გაითიშა უკანსკნელი მოქმედი ორი ენერგობლოკი. ენერგოატომში აღნიშნავენ, რომ ეს სადგურის ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევაა. 

25 აგვისტოს, ცეცხლის გახსნის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ელექტრომომარაგება შეუწყდა ხერსონს, მელიტოპოლსა და ხერსონის რამდენიმე დასახლებულ პუნქტს.

საპირისპიროდ, რუსეთი ხანძრის გაჩენას უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშებს აბრალებს.

22 აგვისტოს რუსმა ოკუპანტებმა ენერგოდარში მდებარე ზაპოროჟიეს თერმულ ელექტროსადგურს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 4 მარტიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელშია. დაწესებულების უკრაინელ ინჟინრებს მუშაობის გაგრძელება რუსეთის ზედამხედველობის ქვეშ შეეძლოთ.

ევროკავშირმა და 40-ზე მეტმა ქვეყანამ რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა.

კომენტარები