ქართული ოცნება

მედიაკოალიცია: COMCOM-ის გადაწყვეტილება მედიაგარემოს მნიშვნელოვნად აუარესებს

კადრი ვიდეოდან / სირცხვილია / Facebook

მედიის ადვოკატირების კოლაცია მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება - მთავარი არხის დაჯარიმების, ხოლო ფორმულასა და TV პირველის გაფრთხილების შესახებ, მედიაგარემოს მნიშვნელოვნად აუარესებს.

"მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება სამი კრიტიკული მაუწყებლის ფორმულას, მთავარი არხის და ტელეკომპანია პირველის მიმართ პოლიტიკური ხასიათისაა და არ ემყარება სამართლებრივ საფუძვლებს. 

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკას, რომლითაც მსგავსი დარღვევის დასადგენად, პირველ ყოვლისა, შეფასებული უნდა ყოფილიყო საეთერო ბადეში განთავსებული რეკლამის წინასაარჩევნო/პოლიტიკური მახასიათებლები და მისი ფორმალური მხარე. კამპანია შინ ევროპისკენ სახელით გავრცელებულ სადავო რგოლში კი არ ჩანს არცერთი სარჩევნო სუბიექტი - საჯარო ხელისუფლების თანამდებობის არცერთი კანდიდატი. შესაბამისად, კუმულაციური პირობებს, რომელთა ერთობლიობაც წინასაარჩევნო რეკლამად შეფასების შესაძლებლობას შექმნიდა, მასალა ვერ აკმაყოფილებს". - წერია განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისიამ ქართული ოცნების საჩივრის საფუძველზე მთავარი არხი 118 688.67 ლარით დააჯარიმა, ხოლო ტელეკომპანია ფორმულა და TV პირველი წერილობით გააფრთხილა.

ქართულმა ოცნებამ შინ ევროპისკენ კამპანიის ვიდეორგოლის გაშვებისთვის მთავარ არხს, ფორმულასა და TV პირველს კომუნიკაციების კომისიაში 9 აგვისტოს უჩივლა და არხებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვა. ქართული ოცნების საჩივრის მიხედვით, სამ არხზე 2022 წლის 23 და 24 ივნისს გასული ვიდეორგოლი წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა და არაწინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი რეკლამის განთავსება და გავრცელება კანონდარღვევაა.

სადავო ვიდეორგოლი სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული კამპანიის – შინ ევროპისკენ ფარგლებშია მომზადებული. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ისმენენ ოჯახის წევრები ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს, ვიდეოს ბოლოს კი 24 ივნისს გამართული აქციის ანონსი ჩნდება.

კომენტარები