ქართული ოცნება

ოცნების სარჩელის გამო კომისიამ მთავარი არხი დააჯარიმა, ფორმულა და TV პირველი კი გააფრთხილა

კადრი ვიდეოდან / სირცხვილია / Facebook

კომუნიკაციების კომისიამ ქართული ოცნების საჩივრის საფუძველზე მთავარი არხი 118 688.67 ლარით დააჯარიმა, ხოლო ტელეკომპანია ფორმულა და TV პირველი წერილობით გააფრთხილა.

ქართულმა ოცნებამ შინ ევროპისკენ კამპანიის ვიდეორგოლის გაშვებისთვის მთავარ არხს, ფორმულასა და TV პირველს კომუნიკაციების კომისიაში 9 აგვისტოს უჩივლა და არხებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვა. ქართული ოცნების საჩივრის მიხედვით, სამ არხზე 2022 წლის 23 და 24 ივნისს გასული ვიდეორგოლი წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა და არაწინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი რეკლამის განთავსება და გავრცელება კანონდარღვევაა.

სადავო ვიდეორგოლი სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული კამპანიის – შინ ევროპისკენ ფარგლებშია მომზადებული. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ისმენენ ოჯახის წევრები ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს, ვიდეოს ბოლოს კი 24 ივნისს გამართული აქციის ანონსი ჩნდება.

"წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსება მაუწყებელს შეზღუდული აქვს თუ წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს. წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის მაუწყებლის ეთერში განთავსება იკრძალება კენჭისყრამდე 50-ე დღემდე. კერძოდ, რეკლამის განთავსება უნდა დაიწყოს კენჭისყრამდე 50 დღით ადრე  და დასრულდეს კენჭისყრამდე 8 საათით ადრე, ხოლო მეორე ტურის შემთხვევაში, მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან და უნდა დასრულდეს კენჭისყრამდე  8 საათით ადრე. ვინაიდან 2022 წლის 23 და 24 ივნისს არ მიმდინარეობდა წინასაარჩევნო კამპანია, მაუწყებლებს არ ჰქონდათ უფლება განეთავსებინათ პოლიტიკური რეკლამა. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, არაწინასაარჩევნო პერიოდში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით განთავსების გამო, მაუწყებლების სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო". – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებაში.

კომისიის გადაწყვეტილებით, გამომდინარე იქიდან, რომ TV პირველსა და ფორმულას აღნიშნული კანონდარღვევა ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენიათ და მათ მიმართ სანქციის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომისიამ მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა. მთავარი არხი კი ანალოგიური სამართალდარღვევისთვის 2019, 2020 და 2021 წლებში სამართალდამრღვევად ცნობილი 4-ჯერ იყო, ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავარი არხის მიერ აღნიშნული კანონდარღვევა მეორედ განხორციელდა და მაუწყებელი უკვე იყო დაჯარიმებული. ამის გამო კომუნიკაციების კომისიამ მთავარ არხს წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობის ჯარიმა, 118 688.67 ლარი დააკისრა.

ნახეთ ვიდეორგოლი, რომლის გამოც ქართულმა ოცნებამ სამ ტელეკომპანიას კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა:

კომენტარები