ხანძარი

შსს: ბორჯომში ჯერ კიდევ არის სხვადასხვა სირთულის კერები – სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვაბისხევის მიმდებარედ ჯერ კიდევ დარჩენილია ხანძრის სხვადასხვა სირთულის კერები. უწყების ცნობით, ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

"ხანძრის ქრობის ოპერაციის რაიონი სამ სექტორადაა დაყოფილი. სამივე სექტორზე აქტიური სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება. ინტენსიურად კეთდება კერებამდე მისასვლელები მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით. მაშველები როგორც ინდივიდუალური აღჭურვილობით, ასევე, სახანძრო ავტოცისტერნების დახმარებით ახორციელებენ ხანძრის ქრობის ამოცანებს". – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის სხვადასხვა სამუშაოში ჩართულია, დაახლოებით, 1 200 ადამიანი. ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობს 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. ცეცხლის ქრობის პროცესში კვლავ ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და მობილიზებულია შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. დრონებით ხდება ხანძრის მონიტორინგი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყეში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ძლიერი ქარი და რელიეფი ართულებს.

კომენტარები