დუგინის შვილის აფეთქება

პუტინი დუგინას აფეთქებაზე: ეს საზიზღარი და სასტიკი დანაშაულია

Reuters

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მისი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას აფეთქებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. პუტინმა დუგინების ოჯახს მიუსამძიმრა და მომხდარ ფაქტს საზიზღარი და სასტიკი დანაშაული უწოდა.

"საზიზღარმა და სასტიკმა დანაშაულმა დარია დუგინას სიცოცხლე ნაადრევად შეწყვიტა. დარია ნათელი და ნიჭიერი ადამიანი იყო, რომელსაც ნამდვილი რუსული გული ჰქონდა. ის იყო კეთილი, მოსიყვარულე და გახსნილი ადამიანი, რომელიც სიმპათიას იწვევდა. დარია იყო ჟურნალისტი, მეცნიერი, ფილოსოფოსი და სამხედრო კორესპონდენტი, რომელიც პატიოსნად ემსახურებოდა საკუთარ ხალხსა და სამშობლოს. მან საქმით დაამტკიცა, თუ რას ნიშნავს, იყო რუსეთის პატრიოტი". - ნათქვამია პუტინის განცხადებაში.

თავად ალექსანდრ დუგინი შვილის, დარია დუგინას აფეთქებას გამოეხმაურა და მომხდარს "ნაცისტური უკრაინის ტერაქტი" უწოდა. დუგინი აგრეთვე წერს, რომ რუს ხალხს ასეთი დარტყმებით ვერ გატეხენ და ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მტკიცებით კი მათ რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნეს. ისინი აფეთქების მოწყობაში ბრალს 1979 წელს დაბადებულ ნატალია ვოვკს სდებენ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. ФСБ-ს მტკიცებით, მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ არის მოწყობილი.

თავის მხრივ, პუტინისტი პროპაგანდისტის, დარია დუგინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ეროვნული რესპუბლიკური არმია იღებს. Утро Февраля-ს დამფუძნებლის, პოლიტიკოს ილია პონომარევის ცნობით, დაჯგუფება პასუხისმგებლობას იღებს ბოლო პერიოდში რუსეთში სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტის აფეთქებაზეც. დაჯგუფება პუტინისა და მისი თანამზრახველების განადგურებითაც იმუქრება და წერს, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს მათგან საფრთხე არ ემუქრებათ.

20 აგვისტოს მანქანა, რომელშიც დარია დუგინა იჯდა, მოსკოვის გარეუბანში აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ის ადგილზევე დაიღუპა. როგორც რუსულ მედიაში წერენ, მანქანა, რომლითაც დარია დუგინა ღონისძიებაზე იმყოფებოდა, ალექსანდრ დუგინს ეკუთვნის. დაღუპულის ნაცნობის თქმით, თავად ალექსანდრ დუგინი ღონისძიებაზე სხვა ტრანსპორტით მივიდა. ალექსანდრ დუგინი აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზეც გამოჩნდა.

მანქანის აფეთქების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა BAZA-მ გაავრცელა. აფეთქება მოსკოვის დროით, დაახლოებით, 22:00 საათზე მოხდა და გამოცემის ცნობით, აფეთქების მიზეზის შესახებ მთავარი ვერსია მკვლელობის მცდელობაა.

უკრაინის ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერი, დენის პუშილინი კრემლის ულტრა მემარჯვენე პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინის აფეთქებას უკრაინას აბრალებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინას არაფერი აქვს საერთო დარია დუგინას მანქანის აფეთქებასთან.

რუსეთის სამთავრობო მედია Sputnik-ი რუს პროპაგანდისტზე, სერგეი მარკოვზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ კრემლის პუტინისტი პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი შვილის, დარია დუგინას გარდაცვალების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დარია დუგინა 2022 წლის ივლისში დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. დარია დუგინა მუშაობდა მამამისის მიერ დაფუძნებულ საერთაშორისო ევრაზიულ მოძრაობაში.

 

კომენტარები