სოსო გოგაშვილი

გოგაშვილი: გამოქვეყნდება ჩანაწერი, როგორ მუშაობს მაჩალიკაშვილთან აგენტი ჩემ წინააღმდეგ

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ გამოქვეყნდება ჩანაწერი, რომელშიც სამი ადამიანის - პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის, დედის, მედიკო მარგოშვილისა და "ბინძური აგენტის" ხმა ისმის და ასახავს, თუ როგორ მუშაობს აგენტი გოგაშვილის წინააღმდეგ.  

სამართლიანობა მოითხოვს გავაკეთო მცირე განმარტება ჩემს ბოლო ღია წერილთან დაკავშირებით, რათა გამოვრიცხო შემდგომი ინტერპრეტაციების დაშვება.

ჩატაევის დაჯგუფების სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ მე ყველაფერი უკვე ნათქვამი მაქვს და შესაბამისად დამატებით განმარტებებს საჭიროდ აღარ ვთვლი. წერილში მე გადმოვეცი ჩემს წინააღმდეგ აგორებული ცილისმწამებლური და ბინძური კამპანიის დეტალები, დავაფიქსირე ფაქტი, რომ შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმი არ იყო ჩემი საკურატურო და ვერც ბრძანებას ვერ გავცემდი, რასაც მაბრალებდნენ. არც ადრე და მითუმეტეს არც ამ წერილში მე არ მითქვამს, რომ გაიცა ვინმეს ლიკვიდაციის ბრძანება პანკისში ჩატარებული დაკავებების დროს. მე მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ, გამოძიებას სჭირდებოდა ეჭვმიტანილების ჩვენებები, მტკიცებულებები და არა რომელიმეს ლიკვიდაცია.

ვერანაირ მდგომარეობაში ყოფნა, ვერც ვერავის მოწოდება ვერ მაიძულებს ვისაუბრო ტყუილი და ცილი დავწამო ვინმეს, ვინც არ უნდა იყოს იგი. ეს არ არის ჩემი სტილი. მე ვლაპარაკობ მხოლოდ სიმართლეს, რომელიც გამყარებულია ფაქტებით და არაფერს სიმართლის გარდა.

რაც შეეხება ჩანაწერს, იქ ისმის სამი ადამიანის ხმა - მედიკოსი, ვახასი და ბინძური აგენტის. აგენტი ახორციელებს ბინძურ, მიზანმიმართულ მუშაობას ჩემს წინააღმდეგ. ჩანაწერი თავის დროზე გამოქვეყნდება და ყველა კითხვას მოხსნის. ახლა ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი და ვინმეს დასახელება მე გადამიყვანს სხვა ველზე და მთავარ სამიზნეს ჩამომაშორებს. ჩემი მთავარი მიზანი არის ოცნების კრიმინალური მართვისა და არჩევნების ტოტალური გაყალბების მეთოდების მხილება და ასევე, მათი რუსეთთან პირდაპირი კავშირის სააშკარაოზე გამოტანა, რასაც დიდი ხანია ვახორციელებ ეტაპობრივად და მივიყვან ბოლომდე. 

გუშინ, 17 აგვისტოს სოსო გოგაშვილმა შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ღია წერილით მიმართა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ უწყებამ საქმეზე მის წინააღმდეგ მუშაობისთვის აგენტი დაიქირავა. 

"ბინძური ცილისმწამებლური კამპანია შეგეძლო გაგეჩერებინა ერთი შენი განცხადებით, მაგალითად: შავნაბადას სპეცრაზმი არ ექვემდებარება გოგაშვილს და მათზე ის ვერ გასცემდა ბრძანებას, ეს არის ჩემს დაქვემდებარებაში. ამის ნაცვლად შენ შეხვდი საიდუმლოდ მედიკო მარგოშვილს და შენი თავის დაძვრენა განიზრახე, უარესიც, თქვენ ამ გამწარებულ ოჯახთან გაგზავნეთ ბინძური ადამიანი, რომელსაც უხდით ფულს და დაავალეთ ჩემს წინააღმდეგ მუშაობა, რათა დაეჯერებინა ოჯახი, თითქოსდა ჩემს მიერ ჩადენილ დანაშაულში. სამწუხაროდ, მან ეს მოახერხა და გამწარებულ მამას მიაღებინა შურისძიების გადაწყვეტილება ჩემს წინააღმდეგ. ბინძურმა ადამიანმა თავის დავალების შესრულების დასტურად ჩანაწერიც გააკეთა, რომელიც კეთილი ადამიანების წყალობით ჩემს ხელში აღმოჩნდა". - წერდა გოგაშვილი.    

კომენტარები