რუსეთი-ესტონეთი

400-მდე საბჭოთა ძეგლის აღების შემდეგ, ესტონეთში ფართომასშტაბიანი კიბერშეტევები მოხდა

ესტონეთში ფართომასშტაბიანი კიბერშეტევები მოხდა მას შემდეგ, რაც ესტონეთის მთავრობამ საჯარო სივრციდან საბჭოთა ძეგლების აღების გადაწყვეტილება მიიღო.

რუსულმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ Killnet-მა პასუხისმგებლობა აიღო თავდასხმაზე, რომელმაც 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო საიტი დაბლოკა.

ესტონეთის მთავრობის ინფორმაციით, თავდასხმის გავლენა შეზღუდული იყო და "ძირითადად შეუმჩნეველი" დარჩა.

"გუშინ ესტონეთში 2007 წლის შემდგომ ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევები მოხდა". - თქვა  ეკონომიკის სამინისტროს მდივანმა.

5 აგვისტოს ესტონეთის მთავრობამ საჯარო სივრციდან საბჭოთა ძეგლების აღების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა კაია კალასმა ისაუბრა. გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დრო ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კალასის თქმით, ეს რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. 

"ჩვენ გადავწყვიტეთ ძირითადი საკითხი, რომ კომუნისტური ძეგლები საჯარო სივრცეებიდან უნდა იყოს აღებული და ჩვენ ამას რაც შეიძლება მალე გავაკეთებთ. ზუსტი დრო დამოკიდებულია მზაობასა და ადგილობრივი მმართველობების ლოჯისტიკურ გეგმებზე". – თქვა კალასმა.

ესტონეტის მასშტაბით დაახლოებით 200-დან 400-მდე საბჭოთა ძეგლია. პრემიერმინისტრის თქმით, კერძო მიწების მესაკუთრეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად აღება მათ მიწებზე არსებული ძეგლების, როგორც ეს Narva-ს ელექტროსადგურმა გააკეთა. 

"მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ დაღუპულთა მოხსენიება და პატივისცემა არავითარ შემთხვევაში არ იზღუდება, თუმცა, ეს უნდა მოხდეს სწორ ადგილას და ეს ადგილი არის სასაფლაო, სადაც ამის გაკეთება ღირსეულადაა შესაძლებელი". – თქვა კალასმა.

კალასის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიის შედეგად იქნა მიღებული.

აშკარაა, რომ რუსეთის აგრესიამ უკრაინაში ჩვენს საზოგადოებას ის ჭრილობები გაუხსნა, რასაც ეს კომუნისტური ძეგლები გვახსენებს და შესაბამისად, მათი საჯარო სივრციდან აღება აუცილებელია, რათა თავიდან ავირიდოთ დამატებითი დაძაბულობა". – ამბობს კალასი.

კომენტარები