ლაშა ნაკაიძე

ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ინტერპრესნიუსი

ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. 

საქმის პროკურორის ინფორმაციით, დაცვის მხარემ გირაოს მოთხოვნა დააყენა, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მისივე სიტყვებით, სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად გაიზიარა გარემოება, რომ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე, მათ შორის, დაზარალებულზე ზემოქმედების საფრთხე, ასევე, იყო ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. 

"უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება. დანიშნული არის სამედიცინო ექსპერტიზა და ყველა იმ დაზიანებასთან დაკავშირებით, რაც აღენიშნება დაზარალებულს სხეულზე, გაიცემა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი, ეს დაზიანებაა, მოტეხილობა თუ ა.შ.  

საქმეში არის წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ნივთიერი მტკიცებულებები და ა.შ. მიმდინარეობს გამოძიება და ხდება ასევე დამატებით სხვადასხვა მტკიცებულებების მოპოვება". - ამბობს პროკურორი.  

ნაკაიძის ადვოკატმა სხდომამდე კომენტარი არ გააკეთა და თქვა, რომ მედიასთან თანამშრომლობა არ სურს, "იმის შემდეგ, რაც გუშინ მოვისმინე". 

მთავარი არხის ყოფილ ტელეწამყვანს, ნაკაიძეს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოპობის მუქარაში, ძალადობასა და გაუპატიურებაში ედება, ის 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 15 აგვისტოს ნაკაიძე დაზარალებულ ქალს დანისა და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ასევე, სცემა და დაზიანებები მჩხვლეტავი საგნით მიაყენა. ამის შემდეგ, ძალადობითა და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე. 

ლაშა ნაკაიძის დაკავებას გამოეხმაურა მთავარი არხიც. ტელეკომპანიის ცნობით, ნაკაიძის შესაძლო დანაშაულის შესახებ პოლიციას თავად მთავარი არხის ერთ-ერთმა თანამშრომლემა აცნობა, ხოლო ტელეკომპანია მასთან თანამშრომლობას აჩერებს.

კომენტარები