კოსოვო-სერბეთი

კოსოვოსა და სერბეთს შორის სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, NATO სამშვიდობო ძალებს გაზრდის

იენს სტოლტენბერგი 
Yves Herman/Reuters

NATO-ს გენერალური მდივნის, იენ სტოლტენბერგის თქმით, კოსოვოსა და სერბეთს შორის სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, NATO სამშვიდობო ძალების გასაზრდელად მზად არის.

"ახლა ჩვენ მნიშვნელოვანი მისია გვაქვს, სამხედრო ძალების გაძლიერება კოსოვოში, დაახლოებით 4000-მდე ჯარისკაცი. თუ საჭირო იქნება, ჩვენ ქვედანაყოფებს განვათავსებთ. მეტის გასაკეთებლად მზად ვართ". - თქვა იენ სტოლტენბერგმა.


2021 წლის სექტემბერში კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელი სერბების დემონსტრაცია მოჰყვა კოსოვოს ახალ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც სერბეთიდან შემომავალ ავტომობილებს საკუთარი რეგისტრაციის ნომრის გამოყენება არ შეეძლებოდათ და მის ნაცვლად მანქანისთვის უნდა დაეყენებინათ კოსოვოს დაბეჭდილი დროებითი ნომერი, რომელიც გამოსადეგი 60 დღის განმავლობაში იქნებოდა. 

კოსოვოს მთავრობის განმარტებით, ეს რეგულაცია იყო 2008 წელს სერბეთის მიერ დაწესებული ასეთივე შეზღუდვის პასუხი. 2008-ში კოსოვომ, რომელზეც სერბეთმა კონტროლი 1999 წელს NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 

2021 წლის რეგულაციის საპასუხოდ, კოსოვოელმა სერბებმა სატვირთო მანქანებით კოსოვო-სერბეთის საზღვართან ჯაჭვი შექმნეს და ორი მთავარი გზა გადაკეტეს, რამაც ორ ქვეყანას შორის ვითარება დაძაბა. ევროკავშირი და NATO მხარეებს მშვიდობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებდა.

უთანხმოება გადაიზარდა ძალადობაშიც. 2021 წლის 26 სექტემბერს ჩრდილოეთ კოსოვოში, სადაც დაძაბული ვითარება იყო, თავს დაესხნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ შენობას, მათ შორის მანქანების რეგისტრაციის ოფისს. 

2021 წლის დაძაბულობის დროს სერბეთმა კოსოვოს საზღვართან სამხედრო მანევრები ჩაატარა. ასევე, სერბეთის МиГ-29-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებმა გადაუფრინეს კოსოვოს იარინიეს გამშვებ პუნქტს, სადაც სერბი დემონსტრანტები იყვნენ შეკრებილი.

პასუხად, NATO-ს კოსოვოს მისიის, KFOR-ის ძალების 5 000 კაციანმა კონტინგენტმა, რომელიც მშვიდობის შენარჩუნებას ცდილობს, გააძლიერა კოსოვო-სერბეთის საზღვარზე პატრულირება, მეტი მიმართულებითა და ხანგრძლივობით.

საბოლოოდ, მხარეები ევროკავშირის შუამდგომლობით დაძაბულობის განმუხტვაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები