საქართველო-ევროკავშირი

ხოშტარია: EU-ს ანგარიშით გამოჩნდა, რომ ოცნების პირობებში არ გვაქვს ევროპული პერსპექტივა

"ამ ანგარიშით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქართული ოცნების პირობებში, ოლიგარქიის პირობებში საქართველოს არ გააჩნია ევროპული პერსპექტივა" – ასე გამოეხმაურა პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს.

"კანდიდატის სტატუსის საკითხიდან და უკრაინაში ომიდან გამომდინარე ამ ანგარიშმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა და პრაქტიკულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაზღვრავს ევროკავშირის კანდიდატობის მიღების ჩვენს პერსპექტივას. მეტიც, მას შემდეგ რაც ჩვენ, ერთი მხრივ გვითხრეს, რომ ხალხი იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას და მეორე მხრივ, ოლიგარქიის პირობებში ეს შეუძლებელია, გასულია უკვე თითქმის 2 თვე და ვკითხულობთ ანგარიშს, სადაც არა თუ პროგრესი, არამედ მთელი ფუნდამენტური მიმართულებებით გვაქვს სერიოზული ჩავარდნები.

[...] მე ბრიფინგს არ ვაწყობ იმისთვის, რომ რაიმე ილუზია შევქმნა და მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ მათ რაიმე გააკეთონ, იმიტომ, რომ ეს წერტილი ამოწურულია. ამ ანგარიშით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქართული ოცნების პირობებში, ოლიგარქიის პირობებში საქართველოს არ გააჩნია ევროპული პერსპექტივა. ვიცით რა გვაქვს გასაკეთებელი, ჩამოთვლილი გვაქვს რა გვაქვს გასაკეთებელი და ჯერი და ვალი არის ჩვენზე, რომ ვიმოქმედოთ და გავათავისუფლოთ ქვეყანა ოლიგარქისგან". – თქვა ხოშტარიამ.

ევროკავშირის ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში გატარებული რეფორმები. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა. თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები (მათ შორის სასამართლო სისტემა), ამასთანავე, ხაზგასმულია, რომ ადამიანის უფლებებთან მიმართებით არსებითი უკუსვლა მოხდა.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინასწარი პირობები წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს 2023 წლიდან წარადგენს. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად შეასრულოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

კომენტარები