ენ ჰეჩი

ენ ჰეჩი ავტოსაგზაო შემთხვევიდან 1 კვირაში გარდაიცვალა

Fox News

53 წლის მსახიობი ენ ჰეჩი ავტოსაგზაო შემთხვევიდან 1 კვირაში გარდაიცვალა. ინფორმაცია გამოცემა TMZ-ის ოჯახის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

სხვადასხვა მედიის ცნობით, ენ ჰეჩი ორგანოების დონორების პროგრამაში იყო ჩაწერილი, სწორედ ამ მიზეზით მიუხედავად იმისა, რომ ჰეჩი გარდაცვლილად გამოაცხადეს, მისი სხეული ჯერ აპარატიდან არ გამოურთავთ.

5 აგვისტოს ჰეჩი მაღალი სიჩქარით ჯერ ავტოფარეხს დაეჯახა, შემდეგ მანქანა ახლომდებარე სახლისკენ მიმართა. მეორე დაჯახების შემდეგ მანქანას ცეცხლი წაეკიდა. ადგილზე მისულმა მაშველებმა ჰეჩი ცეცხლწაკიდებული მანქანიდან გადმოიყვანეს. მსახიობი დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, საბოლოოდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თვითმხილველების თქმით, მსახიობი შენობებს განზრახ დაეჯახა. მოგვიანებით, პოლიციამ განაცხადა, რომ ჰეჩის სისხლში ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოაჩინეს. ნარკოტიკული ნივთიერებების ზუსტი რაოდენობა, დასახელება და მიღების დრო ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტი პასუხი სამართალდამცავებს რამდენიმე დღეში ექნებათ.

ენ ჰეჩი 90-იან წლებში ვარსკვლავი იყო. სახელი სერიალ Another World-მა მოუტანა. მონაწილეობდა ფილმებში Donnie Brasco, Volcano, I Know What You Did Last Summer, Six Days, Seven Nights. 2000 წელს მხოლოდ საცვლებში ჩაცმული ჰეჩი უცხო ადამიანის სახლში შევიდა და სახლის პატრონს, არაჩელი კამპიზს ერთი ჭიქა წყალი სთხოვა. შეშინებულმა კამპიზმა პოლიცია გამოიძახა, მსახიობი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, რომლიდანაც რამდენიმე საათში გამოწერეს. მოგვიანებით ჰეჩმა რამდენიმე ინტერვიუში განაცხადა რომ ბავშვობაში, მამის მხრიდან არაერთხელ იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ტრავმამ მძიმედ იმოქმედა მის მენტალურ ჯანმრთელობაზე.

კომენტარები