ენ ჰეჩი

ენ ჰეჩის ოჯახი: მისი გადარჩენა არ არის მოსალოდნელი

Fox News

ენ ჰეჩის ოჯახის წევრების თქმით, მსახიობის გადარჩენა არ არის მოსალოდნელი.  

"დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ სამედიცინო პერსონალს და ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც მისი გადარჩენისთვის ლოცულობენ. სამწუხაროდ, ენი კომაში, კრიტიკულ მდგომარეობაშია, მისი გადარჩენა არ არის მოსალოდნელი". – წერია ოჯახის განცხადებაში.

5 აგვისტოს ლოს-ანჯელესში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსახიობი ენ ჰეჩი თავისი Mini Cooper-ით ორ შენობას დაეჯახა.

ჰეჩი მაღალი სიჩქარით ჯერ ავტოფარეხს დაეჯახა, შემდეგ მანქანა ახლომდებარე სახლისკენ მიმართა. მეორე დაჯახების შემდეგ მანქანას ცეცხლი წაეკიდა. ადგილზე მისულმა მაშველებმა ჰეჩი ცეცხლწაკიდებული მანქანიდან გადმოიყვანეს. მსახიობი დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ხანძრის შედეგად დაიწვა სახლიც, რომელსაც მსახიობი დაეჯახა, სახლის მეპატრონემ შინაური ცხოველების გამოყვანა მოასწრო, არავინ დაშავებულა. 

თვითმხილველების თქმით, მსახიობი შენობებს განზრახ დაეჯახა. მოგვიანებით, პოლიციამ განაცხადა, რომ ჰეჩის სისხლში ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოაჩინეს. ნარკოტიკული ნივთიერებების ზუსტი რაოდენობა, დასახელება და მიღების დრო ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტი პასუხი სამართალდამცავებს რამდენიმე დღეში ექნებათ.

ენ ჰეჩი 90-იან წლებში ვარსკვლავი იყო. სახელი სერიალ Another World-მა მოუტანა. მონაწილეობდა ფილმებში Donnie Brasco, Volcano, I Know What You Did Last Summer, Six Days, Seven Nights. 2000 წელს მხოლოდ საცვლებში ჩაცმული ჰეჩი უცხო ადამიანის სახლში შევიდა და სახლის პატრონს, არაჩელი კამპიზს ერთი ჭიქა წყალი სთხოვა. შეშინებულმა კამპიზმა პოლიცია გამოიძახა, მსახიობი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, რომლიდანაც რამდენიმე საათში გამოწერეს. მოგვიანებით ჰეჩმა რამდენიმე ინტერვიუში განაცხადა რომ ბავშვობაში, მამის მხრიდან არაერთხელ იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ტრავმამ მძიმედ იმოქმედა მის მენტალურ ჯანმრთელობაზე.

კომენტარები