2008 წლის აგვისტოს ომი

თბილისში 15 ქუჩას 2008 წლის ომის დროს დაღუპული მებრძოლების სახელები მიენიჭება

რუსული სამხედრო კოლონა სამხრეთ ოსეთში. აგვისტო 2008
Reuters

თბილისში 15 ქუჩას საქართველოს ეროვნული გმირების, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული მებრძოლების სახელები მიენიჭება. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.

თბილისის საკრებულომ რამდენიმე ის ადგილი დაასახელა, რომლებსაც გმირების სახელები მიენიჭება. მათ შორის, ვაკის რაიონში, თხინვალაში მდებარე უსახელო სკვერს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭება. მიენიჭება. საქართველოს ეროვნული გმირის, ალექსანდრე ონიანის სახელი კი ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩასთან  მდებარე უსახელო ქუჩას დაერქმევა. აგრეთვე, ნაძალადევის რაიონში მდებარე ერთ-ერთ უსახელო ქუჩას 2008 წლის ომში ომში დაღუპული მებრძოლის, კახაბერ თავგორაშვილის სახელი მიენიჭება. ამავე ომში გარდაცვლილი  ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის, ფოტორეპორტიორის, ალექსანდრე კლიმჩუკისა  და ჰოლანდიელი ტელეოპერატორის, სტან სტორიმანსის სახელობის ქუჩების სახელდება კი სამგორის რაიონში განხორციელდება.

„14 წლის წინ, დღევანდელ დღეს, ჩვენმა გმირებმა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავიანთი სიცოცხლე უპირობოდ გასწირეს. ეს დღე გმირობის, ერთიანობისა და თავდადების ნათელი მაგალითია. ჩვენ მათ გმირობას არასდროს დავივიწყებთ. საქართველო ოკუპაციას არასდროს შეეგუება. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ამ ადამიანების სახელების უკვდავსაყოფად, თბილისში ქუჩების სახელდება განვახორციელოთ. ეს არის ის მცირედი, რისი გაკეთებაც ჩვენ მათთვის შეგვიძლია. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე". - თქვა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

რუსეთ-საქართველოს ომი 14 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კონფლიქტი 8 აგვისტოს დაიწყო.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები