ცესკო

ცესკო: პრეზიდენტმა კონკურსზე გადაწყვეტილების მიღებისას პოლიტიკური მოტივებით იხელმძღვანელა

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მან პოლიტიკური მოტივებით იხელმძღვანელა.

"ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განმარტება მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მან იხელმძღვანელა პოლიტიკური მოტივებით. პრეზიდენტი ეჭვქვეშ არ აყენებს ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის პროფესიონალიზმს, ასევე აფასებს მის გამოცდილებას და საქმიანობას, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ მისი გადაწყვეტილების მიზანი, როგორც ცესკოს თავმჯდომარის, ისე წევრების შემთხვევაში, იყო საკონკურსო თანამდებობებზე უფრო ფართო პოლიტიკური კონსენსუსით შერჩეული კანდიდატურების გამოვლენა. ეს კი არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში, როცა კანდიდატების მიმართ აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებით მათი დისკრედიტაცია ხდება, საკმაოდ რთულად მისაღწევია. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის კვლავ არიან საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები". – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები 6 აგვისტოს წარუდგინა, მათ შორის არ არის მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, სიაში მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ვერ მოხვდა, რადგან ის უკვე ორჯერ წარედგინა პარლამენტს, თუმცა ვერც ერთხელ ვერ მოაგროვა 5 წლის ვადით არჩევისთვის საჭირო რაოდენობის ხმები.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თავად გიორგი კალანდარაშვილმაც და თქვა, რომ ეს მისთვის მოულოდნელი იყო.

მოქმედი რეგულაციით, ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები აირჩევიან პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ით (100 ხმა). ასეთი უმრავლესობით არჩევის შეუძლებლობის შემთხვევაში, მათ პარლამენტის 3/5 ამტკიცებს (90 ხმა), ხოლო თუ ეს კვორუმიც ვერ შეგროვდა, ცესკოს წევრს პარლამენტის უბრალო უმრავლესობა ირჩევს. თითოეულ კენჭისყრას შორის პერიოდი არანაკლებ 4 კვირა უნდა იყოს. ცესკოს თავმჯდომარის ან წევრის 2/3-ით არჩევის შემთხვევაში ის 5 წლით იკავებს თანამდებობას, სხვა შემთხვევაში კი მხოლოდ 6 თვით.

კომენტარები