ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატები

"2-ჯერ წარვადგინეთ, საჭირო ხმები ვერც ერთხელ მოაგროვა" – ადმინისტრაცია კალანდარიშვილზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურების სიაში მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ვერ მოხვდა, რადგან ის უკვე ორჯერ წარედგინა პარლამენტს, თუმცა ვერც ერთხელ ვერ მოაგროვა საჭირო რაოდენობის ხმები. 

"ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის პარლამენტისთვის არწარდგენა კატეგორიულად გამორიცხავს  ბატონი გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმის, მისი გამოცდილებისა და საქმიანობის პრეზიდენტის მიერ არაჯეროვნად შეფასებას. 

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, პრეზიდენტმა  გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ორჯერ უკვე წარუდგინა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად. თუმცა, მისმა კანდიდატურამ ორჯერვე ვერ მოიპოვა საჭირო ხმების რაოდენობა, შედეგად ორჯერვე მხოლოდ 6 თვის ვადით იქნა არჩეული. 

ცესკოს მოქმედი თავმჯდომარისა და მოქმედი წევრების პარლამენტისათვის არწარდგენა განპირობებულია  იმით, რომ მათმა კანდიდატურებმა ორჯერ უკვე ვერ მოიპოვეს პარლამენტის წევრთა 2/3-ის უმრავლესობა, რაც საჭიროა 5 წლის ვადით ასარჩევად. 

ცესკოს თავმჯდომარედ და წევრად მუდმივად ერთი და იგივე კანდიდატურების წარდგენა და მათი მხოლოდ 6 თვის ვადით არჩევა ხელს არ უწყობს ცესკოს, ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის  გაძლიერებას და დემოკრატიულ განვითარებას". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებების შეფასებები როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ პოლარიზაციის გაძლიერებას ემსახურება. 

"2022 წლის 5 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის  ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატურების წარდგენასთან  დაკავშირებით, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული კომენტარები  და ყოვლად უსაფუძვლო დასკვნები სხვა არაფერია თუ არა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და პოლიტიკური პოლარიზაციის მეტად გაღრმავების  მცდელობა". - წერის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა, მათ შორის არ არის მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი. აღნიშნულს ეხმიანება თავად კალანდარიშვილი და აცხადებს, რომ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო. 

​​​​​​​ცესკო-ს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ ხუთი წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი".– აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

კომენტარები