2008 წლის აგვისტოს ომი

ღარიბაშვილი აგვისტოს ომზე: თარიღებზე საუბარს და სპეკულაციებს, გთხოვთ, თავი დავანებოთ

საქართველოს მთავრობა

"თარიღებზე საუბარს და სპეკულაციებს, ყველას გთხოვთ, თავი დავანებოთ" – ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ მიდიან ხელისუფლების წარმომადგენლები აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროებისთვის პატივის მისაგებად ყოველ წელს 8 აგვისტოს, 7 აგვისტოს ნაცვლად.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ თარიღებზე გვიწევს საუბარი. ერთი მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, ყველანი დღეს ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე. დანარჩენი, თარიღებზე საუბარს და სპეკულაციებს, ყველას გთხოვთ, თავი დავანებოთ. 

მინდა შეგახსენოთ, რომ თარიღი – 8 აგვისტო არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ. საერთოდ, უხერხულია, ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახის წევრები დგანან და ჩვენ ვსაუბრობთ თარიღებზე". – თქვა ღარიბაშვილმა მუხათგვერდის სასაფლაოზე.

რუსეთ-საქართველოს ომი 14 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კონფლიქტი 8 აგვისტოს დაიწყო. ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები დაღუპული სამხედროებისთვის პატივის მისაგებად მუხათგვერდის სასაფლაოზე ყოველ წელს 8 აგვისტოს მიდიან.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები