აშშ-ჩინეთი

პელოსი ჩინეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ტაივანთან ახლოს რაკეტების გასროლა

ნენსი პელოსი

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ აღნიშნა, რომ პეკინი ვერ მოახერხებს ტაივანის იზოლაციას და ჩინეთს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ტაივანთან ახლოს რაკეტების გაშვება. 

გუშინ, სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ჩინეთმა ტაივანის  ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაპირებთან 11 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. 

"ჩვენი ვიზიტი ჩინეთმა, ალბათ, გასროლის საბაბად გამოიყენა". - თქვა პელოსმა. 

პელოსის განმარტებით, პეკინი ცდილობს ტაიპეის იზოლირებას ისეთი საერთაშორისო მოქმედებებით, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ტაივანის არ აღიარების მოთხოვნა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად "ჩინეთი ვერ შეძლებს ტაივანის იზოლირებას". 

ჩინეთმა აღნიშნული სამხედრო წვრთნები აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემდეგ დაიწყო. 

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასროლილი რაკეტები იაპონიის წყლებშიც ჩამოვარდა. ტოკიომ ჩინეთს წვრთნების სასწრაფოდ შეჩერებისკენ მოუწოდა.

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის მსგავსად მოქმედებაში დაადანაშაულა - კიმ ჩენ ინის რეჟიმი ჯიუტად ცდის რაკეტებს სხვა ქვეყნების მახლობლად. 

წვრთნები კვირას, 7 აგვისტოს უნდა დასრულდეს. ჩრდილოეთით, აღმოსავლეთითა და სამხრეთით წვრთნების სივრცე შუაზე ყოფს იმ ტერიტორიული წყლების 19 კილომეტრიან სივრცეს, რომელსაც ტაივანი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ტაივანის წარმომადგენლების მიხედვით, მსგავსი მოქმედებები ტაივანის ზღვისა და საჰაერო სივრცის ჩაკეტვის ტოლფასია. 

ნენსი პელოსი ბოლო 25 წელში ყველაზე მაღალი თანამდებობის ამერიკელია, რომელიც ტაივანს ეწვია. ამას გარდა, უკვე მრავალი წელია, რაც პელოსი პეკინის პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებს. 

პელოსის ტაივანში მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას თან სდევდა პეკინის უკმაყოფილება, რომელიც მუქარაში გადაიზარდა და გამაფრთხილებელი კომენტარების გავრცელება დაიწყო.

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. "ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

კომენტარები