აშშ-ჩინეთი-ტაივანი

ტაივანი: მტრული ძალების ნებისმიერ არანორმალურ სცენარს სწრაფად და შესაბამისად ვუპასუხებთ

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ჯოან ოუ-ს თქმით, ტაივანი გააძლიერებს თავდაცვით შესაძლებლობებსა და კავშირს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა აშშ, რათა დაიცვას საერთაშორისო წესრიგი და რეგიონის უსაფრთხოება.

"ჩვენი მთავრობა კიდევ უფრო მტკიცეა ჩვენი ხალხის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ არა მხოლოდ აქტიურად გავაძლიერებთ თავდაცვით შესაძლებლობებს, არამედ ასევე შევინარჩუნებთ ახლო კავშირს ერთნაირი შეხედულების მქონე ქვეყნებთან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები". – ამბობს ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.

ჯოან ოუს თქით, მტრული ძალების მიერ არანორმალური სცენარის განვითარების შემთხვევაში, ტაივანი დაუყონებლივ და შესაბამისად იმოქმედებს. 

ერთად, ჩვენ, რეგიონალური დაძაბულობის ესკალაციის არიდებით, დავიცავთ წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს, ისევე, როგორც დავიცავთ ტაივანის სრუტის უსაფრთხოებასა და ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონის თავისუფლებას, ღიაობას, მშვიდობასა და სტაბილურობას. [...] უცხო ქვეყნის მტრულ ძალებსა და მათ კიბერ-არმიებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს განახორციელონ თავდასხმა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით იქნება და ნებისმიერი უჩვეულო სცენარის განვითარების შემთხვევაში, ჩვენ დაუყონებლივ ვუპასუხებთ და ვითარებას შესაბამისად გავუმკლავდებით". – თქვა ჯოან ოუმ.

ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტაივანის კუნძულის გარშემო სამხედრო წვრთნები დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს. აღნიშნული წვრთნები აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს მოჰყვა.

წვრთნები, რომლებიც ვრცელდება ექვს ადგილმდებარეობაზე, კვირას, 7 აგვისტოს უნდა დასრულდეს. ჩრდილოეთით, აღმოსავლეთითა და სამხრეთით წვრთნების სივრცე შუაზე ყოფს იმ ტერიტორიული წყლების 19 კილომეტრიან სივრცეს, რომელსაც ტაივანი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ტაივანის წარმომადგენლების მიხედვით, აღნიშნული ქმედება გამოწვევაა საერთაშორისო წესრიგისთვის და ტაივანის ზღვისა და საჰაერო სივრცის ბლოკადის ტოლფასია. 

ნენსი პელოსი ბოლო 25 წელში ყველაზე მაღალი თანამდებობის ამერიკელია, რომელიც ტაივანს ეწვია. ამას გარდა, უკვე მრავალი წელია, რაც პელოსი პეკინის პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებს.

ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით პეკინის უკმაყოფილება მუქარაში გადაიზარდა. გასულ კვირაში ჯო ბაიდენსა და სი ძინპინგს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა ბაიდენს უთხრა: "ვინც ცეცხლს ეთამაშება, მისგან იღუპება".

მანამდე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჭაო ლიძიანმაც ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი კომენტარი გაავრცელა.

ნენსი პელოსი ტაივანში ვიზიტს ამ წლის აპრილში გეგმავდა, თუმცა მას შემდეგ გადადო, რაც Covid-19 დაუდასტურდა.

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. "ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

კომენტარები