აშშ-ჩინეთი

"სერიოზულად ვემზადებით" – ჩინეთი ტაივანში პელოსის შესაძლო ვიზიტზე იმუქრება

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჭაო ლიძიანმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი კომენტარი გააკეთა.

ლიძიანმა კომენტარი გააკეთა Financial Times-ის ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთმა აშშ-სთან მიმართებაში ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტზე მუქარა გაამძაფრა. 

"ჩინურმა მხარემ აშშ-სთან არაერთხელ გააცხადა ჩვენი შეშფოთება ტაივანზე სპიკერი პელოსის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით და ვიზიტის მიმართ ჩვენი მტკიცე წინააღმდეგობა. ჩვენ სერიოზულად ვემზადებით". – თქვა ჟურნალისტებთან ლიძიანმა 25 ივლისის ბრიფინგზე.

ჟურნალისტებმა ლიძიანს ჰკითხეს, გააგზავნა თუ არა ჩინეთმა ჩვეულებრივზე უფრო მკაცრი გაფრთხილებები აშშ-ს მიმართ, რაზეც საგარეო უწყების სპიკერისგან პასუხად მიიღეს: "მგონი, შესაძლოა სწორად გესმოდეთ".

ნენსი პელოსი აზიაში ოფიციალური შეხვედრების მიზნით მოგზაურობას გეგმავს და შესაძლოა ტაივანსაც ეწვიოს, როგორც ამ საკითხთან დაკავშირებული პირები ამბობდნენ. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა საკუთარ მოგზაურობის გეგმებზე საუბრისგან თავი შეიკავა და მიზეზად უსაფრთხოების საკითხები დაასახელა, თუმცა მან თქვა, რომ "ტაივანისთვის მხარდაჭერის ჩვენება მნიშვნელოვანია".

როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასულ კვირაში ჟურნალისტებთან თქვა, აშშ-ს სამხედრო წრეში ფიქრობენ, რომ ნენსი პელოსის ტაივანშ ვიზიტი "ამჟამად კარგი იდეა არაა". მომდევნო დღეებში ბაიდენსა და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს შორის შესაძლოა საუბარი გაიმართოს.

Financial Times-ი საქმის კურსში მყოფ 6 ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ჩინეთმა აშშ პელოსის ვიზიტთან დაკავშირებით ჩვეულებრივზე უფრო მკაცრად გააფრთხილა. აქამდე ჩინეთმა შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით უკმაყოფილება საჯაროდაც გამოხატა და "მძიმე ზომებითაც" იმუქრებოდა, თუმცა, ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ეს უფრო მსუბუქი ფორმა იყო. რამდენიმე წყარო ამბობდა, რომ არასაჯარო რიტორიკა შესაძლო სამხედრო პასუხამდეც კი მიდიოდა.

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. "ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

კომენტარები