რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთი არმიის გასაძლიერებლად სამხრეთ კორეისგან შეიარაღებას შეიძენს

CNN

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის თქმით, პოლონეთი სამხრეთ კორეისგან შეიარაღებას შეიძენს. 

შეთანხმების თანახმად, პოლონეთი სამხრეთ კორეისგან 980 ტანკს, 600-ზე მეტ თვითმავალ ჰაუბიცას და 48 გამანადგურებელს შეიძენს. ამ შეიარაღებით პოლონეთი უკრაინისთვის გადაცემულ ტექნიკას ჩაანაცვლებს. პოლონეთის ხელისუფლების მიხედვით, ევროპაში უძლიერესი სახმელეთო არმიის შექმნას გეგმავენ.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეიარაღების ღირებულება 14.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, K2 მოდელის 180 ტანკს სამხრეთ კორეელი მწარმოებლები პოლონეთში ჩაიტანენ. დანარჩენს კი პირდაპირ პოლონეთში ააწყობენ კორეული ლიცენზიით.

პოლონეთის შეიარაღების სააგენტოს წარმომადგენლის, კშიშტოფ პლატეკის თქმით, FA-50 ტიპის მსუბუქი გამანადგურებლებით Su-27 და MiG-29 -ების სწრაფად ჩანაცვლებაა შესაძლებელი.

მინისტრის თქმით, სამხედრო პოტენციალის გაძლიერების აუცილებლობა განაპირობა პოლონეთის მეზობელ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ.

"პოლონეთის არმია უნდა იყოს ისეთი ძლიერი და მრავალრიცხოვანი რომ მისმა არსებობამ აგრესორს შიში ჩაუნერგოს. კრემლი არ უტევს ძლიერებს, ის თავს ესხმის მაშინ, როცა სისუსტეს ხედავს". - თქვა ბლაშჩაკმა.

კომენტარები