რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – 5 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაიჭრა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქი დაბომბეს. რუსების იერიშების შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, 10 პირი კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა.

"რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქზე იერიში ისკანდერის სარაკეტო სისტემებიდან მიიტანეს. რუსეთის მიერ დაბომბვების შედეგად, 5-სართულიანი შენობა და 85 სახლი დაზიანდა, 1 სკოლა კი სრულად განადგურდა. აგრეთვე, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი, რამაც ქალაქ ტორეცკში მცხოვრები ადამიანების უდიდესი ნაწილი ელექტროენეერგის გარეშე დატოვა". - განაცხადეს ბრიფინგზე.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები