ევროკავშირი-საქართველო

დეოლიგარქიზაცია, სასამართლო რეფორმა – ევროპარლამენტის კრიტიკული ანგარიშის სამუშაო ვერსია

13 ივლისს ევროპარლამენტში, ესტონელი ევროპარლამენტარი, სვენ მიკსერი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. სწორედ ამ ანგარიშზე დაყრდნობით, სავარაუდოდ 2022 წლის სექტემბერში, ევროპარლამენტი საქართველოზე მორიგ რეზოლუციას მიიღებს.

ანგარიშში, რომლის სამუშაო ვერსიაც ევროპარლამენტის ვებგვერდზე წინასწარ გამოქვეყნდა, საუბარია იმ საკითხებზე, რომლის გამოსწორებისკენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას არაერთხელ მოუწოდებდნენ, მათ შორის, სასამართლო რეფორმაზე, მედიის უფლებებზე, არჩევნებზე, დეოლიგარქიზაციაზე და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშის სამუშაო ვერსია საბოლოო არ არის და გარკვეული დეტალები, შესაძლოა, შეიცვალოს.

გთავაზობთ, ანგარიშის სამუშაო ვერსიის ტექსტს უცვლელად:

1. [ევროპარლამენტი] მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა; აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების პოლიტიკური მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია; იმეორებს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის საქართველომ უნდა დაიწყოს იმ ძირითადი პრიორიტეტების შესრულება, რომლებიც მითითებულია კომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ მოსაზრებაში.

2. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები და მტკიცედ დაიწყოს კომისიის მოსაზრებაში მითითებული რეფორმების განხორციელება, რათა ცალსახად აჩვენონ თავიანთი პოლიტიკური მისწრაფება, მიაღწიონ ქვეყნის ამბიციურ ევროპულ მიზნებს, რაც 2022 წლის 3 მარტს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარდგენილ განაცხადშია ასახული; [ევროპარლამენტი] მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს და გაუძღვეს მუშაობას ამ პრიორიტეტებზე ინკლუზიურად, სანამ კომისია 2022 წლის ბოლომდე მოამზადებს ამ საკითხების განხორციელების შესახებ მოხსენებას; მოუწოდებს ქართულ პოლიტიკურ ძალებს, კონსტრუქციულად მიიღონ მონაწილეობა და წვლილი შეიტანონ ამ ძალისხმევაში; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს წინადადება ევროკავშირში გაწევრიანებაზე კვლავ დამოკიდებული იქნება საკუთარ დამსახურებებზე და  კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე.

3. მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს გაძლიერებული თანამშრომლობა უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკასთან, ასოცირებული ტრიოს ფარგლებში.

4. ხაზს უსვამს, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ მოითხოვს ერთიანობასა და სოლიდარობას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან; მიესალმება ქართული საზოგადოების მიერ უკრაინისადმი გამოხატულ ძლიერ მხარდაჭერას; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებასა და ყველა პოლიტიკურ ძალას, ევროკავშირის პოზიციებთან პოლიტიკურ თანხვედრაში იყვნენ ამ მნიშვნელოვან საკითხზე, ქვეყნის ევროპული ამბიციების შესაბამისად;

5. ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; მოუწოდებს, რომ გაგრძელდეს ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი, მოლაპარაკებების გზით მოსაგვარებლად, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობითა და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის გზით; შეშფოთებით აღნიშნავს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო "ბორდერიზაციის" გაგრძელებას; მოუწოდებს საბჭოს, გააგრძელოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი საქართველოში 2022 წლის 14 დეკემბრის შემდეგ და უზრუნველყოს მისი დაფინანსება ისე, რომ შეესაბამებოდეს მის ამოცანებს – სიტუაციის სტაბილიზაციასა და ნორმალიზებას და კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის ამაღლებას უსაფრთხოების მხრივ უკიდურესად დაძაბულ გარემოში.

პოლიტიკური დიალოგი და არჩევნები

6. [ევროპარლამენტი] წუხს, რომ ღრმა პოლარიზაცია კვლავ არის საქართველოს პოლიტიკური გარემოს განმსაზღვრელი მახასიათებელი; მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარეს, გააერთიანონ ძალები მთავარი მიზნის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გარშემო, ამბიციური, დემოკრატიული, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელების გზით; იმეორებს, რომ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული, 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზას საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გამტკიცებისკენ.

7. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაასრულოს საარჩევნო რეფორმა და აღმოფხვრას ხარვეზები, რაც საარჩევნო კამპანიისას და არჩევნების ჩატარებისას მუდმივად იჩენს თავს, გააკეთოს ეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დროულად და ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად.

8. ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფესვგადგმული ინტერესთა ჯგუფების, მათ შორის ოლიგარქების, გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, რაც კომისიის მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტად არის განსაზღვრული და რაც უნდა მოგვარდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე.

კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა და მედიის თავისუფლება

9. ხაზს უსვამს მართლმსაჯულების ნამდვილი და საფუძვლიანი რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას 2021 წლის შემდგომი სასამართლო რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საფუძველზე ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული საკონსულტაციო პროცესის საშუალებით; მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოასწორონ ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზები ყველა დონის სასამართლოში მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცესში და გენერალური პროკურორის წარდგენისა და დანიშვნისას, რათა პროცესი სრულად შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს; მოუწოდებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმის გატარების და საბჭოს დარჩენილი წევრების დანიშვნისკენ.

10. ხაზს უსვამს, რომ ნაჩქარევი და არაგამჭვირვალე ნაბიჯები საკვანძო დანიშვნების ან ინსტიტუციური ცვლილებების დროს მხოლოდ აძლიერებს პოლიტიზებული მართლმსაჯულების სისტემის აღქმას; ამ კუთხით აღნიშნავს, რომ კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დანიშნეს ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებამდე; იმეორებს, რომ სასამართლო რეფორმირების პროცესში პროგრესის არარსებობა ნიშნავდა, რომ 2021 წლის სექტემბრისთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების 75 მილიონი ევროს ტრანშის მისაღებად დაწესებული პირობები არ შესრულებულა.

11. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეფექტურად გამოიძიოს 2021 წლის სექტემბერში გამოვლენილი მასობრივი უკანონო მოსმენები; შეშფოთებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც ზრდის იმ დანაშაულთა რაოდენობას, რომლებზეც ნებადართულია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და [ზრდის] ამ მოქმედებების ხანგრძლივობას, რაც საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 7 ივნისს მიიღო და რომელსაც 2022 წლის 22 ივნისს პრეზიდენტმა ვეტო დაადო; მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, სთხოვოს ვენეციის კომისიას დასკვნის გამოტანა ამ საკითხზე და შეასრულოს მისი რეკომენდაციები.

ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა

12. გმობს 2021 წლის 5 ივლისს Tbilisi Pride-ის მარშის მშვიდობიანი მონაწილეებისა და ღონისძიების გამშუქებელი ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ ძალადობას, მკაცრად გმობს ძალადობის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად გულმოდგინე გამოძიებისა და სისხსლისამართლებრივი დევნის არარსებობას; აღნიშნავს, რომ ძალადობის ჩამდენ ექვს პირს მიესაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა 2022 წლის აპრილში; მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, როგორებიც არიან: ქალები, ლგბტქი+ თემი და ეთნიკური უმცირესობები.

13. იმეორებს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე დამოუკიდებელი ზედამხედველობის განხორციელება; ამ მხრივ, სინანულს გამოხატავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო ODIHR-ის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ; ხაზს უსვამს საქართველოს სახალხო დამცველის დადებით როლს ადამიანის უფლებების დაცვაში, კარგი მმართველობის ხელშეწყობასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში.

ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები

14. მიესალმება საქართველოს პოზიტიურ განვლილ გზას კანონმდებლობის [ევროკავშირის კანონმდებლობასთან] დაახლოებისა და სრულად მოქმედი საბაზრო ეკონომიკის მშენებლობაში; მოუწოდებს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით წარმოდგენილი შესაძლებლობების გამოყენებისკენ, დინამიკური და მდგრადი ეკონომიკის ასაშენებლად, რომელიც მზად იქნება ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრირებისთვის.

სექტორული თანამშრომლობა

15. იმეორებს, რომ ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულება და 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგი უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მყარ ჩარჩოს, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაციისა და გაძლიერებული სექტორული თანამშრომლობის გზით.

16. ხაზს უსვამს გაძლიერებული სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირის მნიშვნელობას საქართველოს გეოგრაფიული და ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისების პროცესში.

კომენტარები