5 ივლისის ძალადობა

დეგნანი 5 ივლისზე: დაუსჯელობა შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ძალადობა მისაღებია

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი მედიაზე ძალადობას გმობს და მიმართვას ავრცელებს. დეგნანი 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე საუბრისას ხაზს უსვამს, რომ დამნაშავეთა დაუსჯელობა შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ძალადობა მისაღებია. 

აშშ-ს ელჩის თქმით, ხელისუფლებაში მყოფთა პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ თავისუფალი და ღია მედიაგარემო. ტაბულა განცხადებას სრულად გთავაზობთ:

"დღეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრებს ვუმასპინძლე, რათა საქართველოში მედიაგარემოს შესახებ მათი აზრი მომესმინა. ჩვენ განვიხილეთ მედიაგარემოს საგანგაშო გაუარესება და ჟურნალისტების შევიწროების, დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმის შემთხვევების შემაშფოთებელი ზრდა.

დემოკრატიებს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია უნდა ჰქონდეს. პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით, მედია უნდა იყოს თავისუფალი, რათა საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს და ძირითადი მოვლენები ასახოს. პასუხისმგებელი, ეთიკური მედია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძალაუფლების მქონე პირთა ანგარიშვალდებულებისთვის.

აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს ქარტიის ძალისხმევას, დაეხმაროს ჟურნალისტებს საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები და საკითხები გააშუქონ სამართლიანად, დაბალანსებულად და ეთიკურად. შეერთებული შტატები კატეგორიულად გმობს ჟურნალისტებზე ძალადობასა და მათ შევიწროებას. პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც ჟურნალისტებს ემუქრება და თავს ესხმის.

5 და 6 ივლისის შოკისმომგვრელი ძალადობა გვახსენებს ძალადობის ორგანიზატორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობას. დაუსჯელობა შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ძალადობა მისაღებია, ძალადობა კი არასდროსაა მისაღები. ხელისუფლებაში მყოფთა პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ თავისუფალი და ღია მედიაგარემო. საქართველოს მთავრობამ ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პროაქტიული ნაბიჯები უნდა გადადგას.

დაუსჯელნი არ უნდა დარჩნენ ისინი, ვინც ჟურნალისტებზე თავდასხმით საქართველოს დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან – მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა. თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა ნამდვილი დემოკრატიული საზოგადოების კრიტერიუმია".

საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ დაუკავებია 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების მთავარი ორგანიზატორები. 2021 წელს Tbilisi Pride-ის მიერ ორგანიზებული ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე, მათ შორის ჟურნალისტებზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა.  პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები.  მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 53 ჟურნალისტი.

კომენტარები