ქართული ოცნება

კვირიკაშვილი პრემიერზე: ქართუდან წასვლის ეპიზოდის ინტერპრეტაცია სინამდვილე არაა

ყოფილი პრემიერმინტრი, გიორგი კვირიკაშვილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ეხმაურება. კვირიკაშვილი ამბობს, რომ მისი ბანკი ქართუდან წასვლის ეპიზოდი სინამდვილეს არ შეესაბამება და ღარიბაშვილმა ისტორია დაამახინჯა. 

"ვრცლად შეიძლებოდა 2011 წლის ამბების მოყოლა, მაგრამ ამჯერად მოკლედ გიპასუხებთ: წერილში მოტანილი ქართუდან წასვლის ეპიზოდის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ჩემთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა ამ ისტორიის დამახინჯება. ამ ეტაპზე ამ კომენტარით შემოვიფარგლები". - ამბობს კვირიკაშვილი ტაბულასთან.  

დღეს, 12 ივლისს, ირაკლი ღარიბაშვილმა წერილი გაავრცელა, რომელშიც დეოლიგარქიზაციასა და ქართული ოცნების დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს. ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ მმართველი პარტიის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე ივანიშვილს გავლენა არ აქვს. წერილის ერთ-ერთ ნაწილში ის ბიძინა ივანიშვილთან საკუთარ კონტაქტსა და ბანკ ქართუზე საუბრობს, ახსენებს ყოფილ პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილსაც: 

როდესაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება, ერთი წამით არ მიყოყმანია. რა თქმა უნდა, ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული რისკები იმთავითვე მქონდა გააზრებული. თუმცა, არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულების გამო, არამედ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე გადავწყვიტე, დემოკრატიული გარდატეხისთვის ბრძოლაში აქტიურად ჩავრთულიყავი.

რა თქმა უნდა, ჩემ გარდა, ამ ბრძოლაში „ქართუ ჯგუფის“ უამრავი სხვა წარმომადგენელიც ჩაერთო, რომელთა ნაწილი დღესაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის აქტიური წევრია. მუქარითა და ზეწოლით არა მხოლოდ ჩვენს გაჩერებას, არამედ „ქართუს“ სტრუქტურების დაშლასაც კი ცდილობდნენ. თუმცა, გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, ზეწოლას გაუძლო და მოძალადე რეჟიმი დაამარცხა.

იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ზეწოლას ვერ გაუძლეს და არა მხოლოდ ბრძოლაში ვერ ჩაერთნენ, არამედ ,,ქართუც“ კი დატოვეს, ხოლო ზოგიერთი ქვეყნიდანაც კი წავიდა. თუმცა, კადრების დეფიციტის გამო, რამდენიმე მათგანს, - მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს, - ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს ისინი ახალ მთავრობაშიც კი მიიწვია. 

წერილი სრულად - ნახეთ აქ.  

კომენტარები