ქართული ოცნება

სარჯველაძე სამხარაძეზე: ადამიანური სისუსტის გამოვლინება იყო – განზოგადების საფუძველი არაა

"ეს იყო გარკვეული ადამიანური სისუსტის გამოვლინება" – ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე თანაპარტიელის, დიმიტრი სამხარაძის მიერ პარტიის ოფისიდან საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვის გინებას.

"გამოხატვის ფორმები, რომელსაც ბატონი დიმიტრი მიმართავდა გუშინ, სიმართლე გითხრათ, არც ჩემთვის არის სასიამოვნო და მოსაწონი. არ მგონია ამ შემთხვევაში საფუძველი გქონდეთ, რომ განაზოგადოთ ეს, როგორც ქართული ოცნების ზოგადი პოზიცია და თუნდაც ფორმებთან დაკავშირებით გამოხატვის ასეთი დამოკიდებულების გამართლებად ჩათვალოთ. ეს იყო გარკვეული ადამიანური სისუსტის გამოვლინება.

არასწორი იქნება შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება და ვინმეს დამუნათება იმის გამო, რომ ასეთ ფორმებს ვინც მიმართავს, იმის გვერდით პარლამენტში ჯდომა უხერხულობად ითვლებოდეს". – თქვა სარჯველაძემ.

დიმიტრი სამხარაძემ 3 ივნისს ქართული ოცნების ოფისთან შეკრებილ მოქალაქეებს აგინა. ვიდეო თავად სამხარაძემ გამოაქვეყნა, თუმცა, მალევე წაშალა. მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობით ქართული ოცნების ოფისთან პარლამენტთან მიმდინარე აქციის შემდეგ გადაინაცვლეს.

კომენტარები