ისრაელი

ქნესეთი დაიშალა, ისრაელის პრემიერი ლაფიდი ხდება, მორიგი არჩევნები ნოემბერში დაინიშნა

იაირ ლაფიდი
The Times of Israel

30 ივნისს ისრაელის 24-ე მოწვევის ქნესეთმა მხარი დაუჭირა დაშლას. მომდევნო არჩევნები 2022 წლის 1-ელ ნოემბერს დაინიშნა

ამას გარდა, გასული წლის ივნისში მმართველი კოალიციის მიერ გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ნაფთალი ბენეტმა პრემიერმინისტრის თანამდებობდა დატოვა და ამ პოზიციას პარტია იეშ ათიდის ლიდერი, იაირ ლაფიდი დაიკავებს.

ლაფიდი პრემიერი 30 ივნისის შუაღამეს გახდება. 

არჩევნებისთვის პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადა 2022 წლის 15 სექტემბერი იქნება.

არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს ნაფთალი ბენეტი, რომელიც პარტია იამინას უძღვება. ისრაელის მედიაში წერენ, რომ პარტიას, სავარაუდოდ, ისრაელის ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, აიელეთ შაქედი გაუძღვება.

ისრაელის ოპოზიციური პარტიები ერთიანობის მთავრობის ფორმირებაზე 2021 წლის 3 ივნისს შეთანხმდნენ. მოცემული შეთანხმება გახდა ბენიამინ ნეთანიაჰუს 12-წლიანი პრემიერმინისტრობის დასასრული. ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის ისტორიაში ყველაზე დიდი ხნის მანძილზე იყო პრემიერის პოსტზე. ის ამ თანამდებობას 2009 წლიდან იკავებს და ამას გარდა 1990-იან წლებში 3 წლით ეკავა.

აქამდე, 2 წელიწადში ზედიზედ ჩატარებული 4 არჩევნების შედეგებით მთავრობის ფორმირება ვერ ხერხდებოდა. მეოთხე არჩევნების შემდეგ, ისრაელის ყოფილ პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირებისთვის ვადა 4 აპრილამდე მიეცა. მან მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო.

კომენტარები