NATO-რუსეთი

სტოლტენბერგი: NATO-ს სამიტზე რუსეთს უმნიშვნელოვანეს და პირდაპირ საფრთხედ მიიჩნევენ

იენს სტოლტენბერგი
nato.int

NATO-ს მადრიდის სამიტის დაწყების წინ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სამიტის თემებზე ისაუბრა. სამიტი 28 ივნისს დაიწყება.

სტოლტენბერგის თქმით, სამიტის ფარგლებში მიიღებენ ახალ სტრატეგიულ კონცეპტს, რომელიც ალიანსს "კონკურენციის ეპოქაში" უნდა გაუძღვეს. მან ასევე გამოთქვა მოლოდინი, სამიტზე NATO-ს წევრები ცხადად გამოხატავენ, რომ მათი უსაფრთხოებისთვის მთავარი საფრთხე რუსეთია.

"მადრიდის სამიტი იქნება ტრანსფორმაციული, მრავალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით, ახალ უსაფრთხოების რეალობაში ახალი სტრატეგიული კონცეპტის ჩათვლით. თავდაცვაში NATO-ს შეკავების ფუნდამენტური ცვლილება, უკრაინისთვის მხარდაჭერა ახლა და მომავალში. ახალი კონცეპტი გაგვიძღვება სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში. ველი, ეს [მადრიდის სამიტი] ცხადყოფს, რომ ჩვენი მოკავშირეები რუსეთს მიიჩნევენ როგორც ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ ჩვენი უსაფრთხოებისთვის". – თქვა სტოლტენბერგმა.

ამას გარდა, სტოლტენბერგის თქმით, სამიტზე განიხილება ჩინეთის საკითხი და საფრთხე, რომელსაც პეკინი ალიანსისთვის ქმნის.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის ძალების მნიშვნელოვან გაძლიერებაზეც.

"ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში საბრძოლო ჯგუფებს ბრიგადების დონეზე გავაუმჯობესებთ. NATO-ს საპასუხო ძალებს გარდავქმნით და მაღალი მზადყოფნის ძალებს 300 000-ზე მეტად გავზრდით". – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ განათავსებენ იარაღის საწყობებსა და ისეთ სამხედრო ინფრასტრუქტურას, როგორიცაა საჰაერო თავდაცვის სისტემები. ცვლილებები ორიენტირებულია იმაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში NATO-ს ძალებს მოქმედება გაუმარტივდეთ.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ეს ცივი ომის შემდეგ რეგიონში ალიანსის ძალების უდიდესი გაზრდა იქნება, რისთვისაც წევრი ქვეყნების მხრიდან საჭიროა სამხედრო ხარჯის გაზრდა.

სტოლტენბერგის თქმით, სამიტზე შეთანხმდებიან უკრაინისთვის მომდევნო დახმარებაზე. მისი თქმით, კიევს მიაწვდიან საწვავს, დრონების საწინააღმდეგო სისტემებს, დაეხმარებიან საბჭოთა პერიოდის ტექნიკის NATO-ს აღჭურვილობით ჩანაცვლებაში.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ NATO-ს სამიტზე პირველად იქნებიან მოწვეული იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია და ახალი ზელანდია, ასევე სამიტს დაესწრებიან საქართველო და ევროკავშირიც.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და სხვა პარტნიორებს ახალი მხარდამჭერი პაკეტებით დაეხმარებიან.

"მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტს ჩვენი პარტნიორებისთვის, საქართველოსთვის, ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის, მოლდოვის რესპუბლიკისთვის, ასევე მავრიტანიისა და ტუნისისთვის". – თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

საუბარი იქნება ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზეც. საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს შეხვდებიან შვედეთის, ფინეთისა და თურქეთის ლიდერები.

 

კომენტარები