ალტ-ინფო

შსს-მ ალტ-ინფოს ძალადობრივი მოწოდებებისა და მუქარის გამო გამოძიება დაიწყო

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობრივი, ჰომოფობიური და პუტინისტური ალტ-ინფოს წევრების მიერ გამოთქმული ძალადობრივი მოწოდებებისა და მუქარის გამო გამოძიება დაიწყო. ინფორმაცია ტაბულას უწყებაში დაუდასტურეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 239-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც მუქარასა და ძალადობრივი ქმედებებისაკენ საჯარო მოწოდებას გულისხმობს.

27 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ძალადობრივი ალტ-ინფოს ლიდერები.

26 ივნისს Tbilisi Pride-მა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა, დაიცვას კვირეულის თითოეული მონაწილის უსაფრთხოება. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში გაიმართება და არ ჩატარდება ღირსების მარში, თუმცა პუტინისტური ჯგუფებისგან მუქარა არ წყდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას Tbilisi Pride-ის მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება. Tbilisi Pride-ის პოზიციით, უმნიშვნელოვანესია, შსს-ს ეს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს და უწყებამ კვირეულის ღონისძიებების უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში ჩატარება უზრუნველყოს.

კომენტარები