Tbilisi Pride

შსს: ყველა შესაბამის ზომას მივიღებთ, რომ უზრუნველყოფილ იქნას Tbilisi Pride-ის უსაფრთხოდ ჩატარება

Euronews

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას Tbilisi Pride-ის მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, აგრეთვე, კვირეულის ფარგლებში თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს". – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს. შსს-ს განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში – სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

26 ივნისს Tbilisi Pride-მა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა, დაიცვას კვირეულის თითოეული მონაწილის უსაფრთხოება. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში გაიმართება და არ ჩატარდება ღირსების მარში, თუმცა პუტინისტური ჯგუფებისგან მუქარა არ წყდება.

კომენტარები