საქართველო-ევროკავშირი

ბოჭორიშვილი სტატუსზე: ნამდვილად უადგილოა საუბარი, თითქოს ფინანსურად რაღაც დავკარგეთ

საქართველომ დაკარგაო, რომ ვთქვათ, რაღაც უნდა გვქონოდა, რომ დაგვეკარგა. საქართველოს არაფერი არ დაუკარგავს. ცოტა უკან წავალ და გავიხსენებ იმ პერიოდს, როდესაც ჩვენ ვითხოვდით ევროპულ პერსპექტივას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და ეს იყო სულ რამდენიმე თვის წინ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, წინა წელს. ევროკავშირის მხრიდან მაშინ, როდესაც არ იყო მზაობა იმისათვის, რომ პოლიტიკური გზავნილი მოეცათ საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის, გაეხსნათ პერსპექტივა, ამის კომპენსაციად ძალიან ძლიერი ფინანსური დახმარების პაკეტები იქნა შემუშავებული. 

თქვენ თუ გახსოვთ, შარშან ივლისში საქართველოში იმყოფებოდა ევროკომისარი ვარჰეი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების პაკეტის შესაძლებლობა ჩამოიტანა საქართველოში. მაშინ ახსნა იყო ასეთი - თქვენ არ გაქვთ პერსპექტივა, საუბარია საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე, მაგრამ გაქვთ ძალიან დიდ ფინანსურ რესურსებთან წვდომა, ფაქტობრივად, ეს არის იდენტური, რაც აქვთ კანდიდატ ქვეყნებს. ანუ, ფინანსური თვალსაზრისით არაფრით არ განსხვავდება ასოცირებული პარტნიორების ყოფა კანდიდატი ქვეყნების ყოფისგან. შესაბამისად, ნამდვილად უადგილოა დღეს ამაზე საუბარი, რომ თითქოს რაღაც დავკარგეთ. 

ამბობს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი იმედთან ინტერვიუში. 

კომენტარები