რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური: დონეცკის რეგიონის 45%-ს ვაკონტროლებთ

2015 წლის 20 თებერვალი, უკრაინელი სამხედრო ჯავშანტრანსპორტიორთან, დონეცკის რეგიონი
AFP/ანატოლი სტეფანოვი

უკრაინის შეიარაღებული ძალების დონეცკის რეგიონალური მეთაურის, პავლო კირილენკოს თქმით, უკრაინული ძალები დონეცკის რეგიონის 45%-ს აკონტროლებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ასზე მეტ ქალაქსა და სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.

"უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ დონეცკის რეგიონის 45%-ს, სადაც ამ მომენტშიც გრძელდება საომარი მოქმედებები. შესაბამისად, 55%, რაც სრულად განადგურებულია, უკანონო შეიარაღებული ჯგუფების, ოკუპანტების, კონტროლის ქვეშაა, მათ შორის, ნახევრად განადგურებული მარიუპოლი და ვოლნოვახა". – თქვა კირილენკომ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები