რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი რუსეთი გახდა

ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი პეკინში

ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი რუსეთი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვმა პეკინს რუსეთ-უკრაინის ომის გამო, სანქციების ფონზე ნედლი ნავთობი ფასდაკლებით მიჰყიდა.

წინა წელთან შედარებით ჩინეთში რუსული ნავთობის იმპორტი 55%-ით გაიზარდა, მაისში რეკორდულ დონს მიაღწია, რამაც ჩაანაცვლა საუდის არაბეთი, როგორც ჩინეთის უდიდესი მიმწოდებელი.

ჩინეთმა გააძლიერა რუსული ნავთობის შესყიდვები, მიუხედავად იმისა, რომ Covid-ისა და ეკონომიკის შენელების გამო მოთხოვნა შემცირდა.

თებერვალში ჩინეთმა და რუსეთმა განაცხადეს, რომ მათ მეგობრობას "საზღვრები არ აქვს“.

ჩინურმა კომპანიებმა, მათ შორის სახელმწიფო გადამამუშავებელმა გიგანტებმა Sinopec-მა და Zhenhua Oil-მა ბოლო თვეების განმავლობაში ფასდაკლების გამო, რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები გაზარდეს.

ჩინეთის გენერალური საბაჟო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩინეთში რუსული ნავთობის იმპორტმა, რომელიც მოიცავს აღმოსავლეთ ციმბირის წყნარი ოკეანის მილსადენით და ზღვით გადაზიდვას, გასულ თვეში თითქმის 8.42 მილიონი ტონა შეადგინა.

კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი დასავლეთის სანქციების პოლიტიკის გამო ენერგეტიკის, ფინანსებისა და მრეწველობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები