რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩვენ არასდროს ვიქნებით უსაფრთხოდ, თუ მამაც უკრაინას ზურგს შევაქცევთ – ბორის ჯონსონის წერილი

ბორის ჯონსონი
Reuters

"ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ვლადიმირ პუტინის დიდების ხედვა ახდა. დავუშვათ, რომ მან შეძლო შეენარჩუნებინა უკრაინის ყველა ის ტერიტორია, რომელსაც ახლა რუსული ძალები აკონტროლებენ. რა მოხდებოდა, თუ თითის განძრევას არავინ მოისურვებდა, თუ ის დაპყრობილი ტერიტორიისა და შეშინებული ხალხის უფრო დიდ რუსეთში გაერთიანებას მოახდენდა.

მოიტანდა ეს მშვიდობას? იქნებოდა მსოფლიო უფრო უსაფრთხო? შენ უფრო უსაფრთხოდ იქნებოდი? ჩვენს გულებში პასუხი ვიცით" – წერს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ბრიტანულ The Times-ში გამოქვეყნებულ წერილში.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი წერს, რომ რუსეთი არ დაკმაყოფილდება მხოლოდ უკრაინით და ევროპის უფრო დიდი ნაწილის, მათ შორის, NATO-ს წევრების დაპყრობასაც შეეცდება.

"როგორი უნდა იყოს ჩვენი მიდგომა ახლა, როდესაც პუტინის ომი ახალ ფაზაში გადადის? დავიწყებ ამ ტრაგედიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტით: უკრაინელების გმირობამ და თავგანწირვამ გადაარჩინა კიევი რუსეთის ჯავშანტექნიკისგან და შეინარჩუნა სახელმწიფო პრეზიდენტ ზელენსკის მეთაურობით.

შეიძლება, პუტინი ამას ვერ აცნობიერებდეს, მაგრამ მისი გრანდიოზული იმპერიული გეგმა უკრაინის სრულად დაპყრობის შესახებ ჩავარდა". – წერს ჯონსონი.

ბორის ჯონსონი აზრით, სანამ ვლადიმირ პუტინი მის ილუზიებს იაზრებს, ბრიტანეთმა და მისმა მოკავშირეებმა ოთხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგან:

"უპირველეს ყოვლისა – ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ მიიღოს იარაღი, აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა და წვრთნა, რათა გაზარდოს პოტენციალი იმაზე სწრაფად, ვიდრე დამპყრობელმა.

მეორე – ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინის სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად. პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობამ უნდა გადაიხადოს ხელფასები, მართოს სკოლები, გასცეს დახმარება და დაიწყოს ხელახლა მშენებლობა იქ, სადაც ეს შესაძლებელია. ამას მუდმივი დაფინანსება და ტექნიკური დახმარება დასჭირდება.

მესამე – რუსეთმა უკრაინის ეკონომიკა გააჩერა შავი ზღვის გავლით ძირითადი საექსპორტო გზების დაბლოკვით. ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი ძალისხმევა, რათა განვავითაროთ უკვე არსებული ალტერნატიული სახმელეთო მარშრუტები და უზრუნველვყოთ უკრაინის ეკონომიკის ფუნქციონირება.

ამას მივყავართ მეოთხე პუნქტამდე – ჩვენ უნდა შევძლოთ ამ საკვების მიწოდება. დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს გაეროს მოლაპარაკებების ძალისხმევას საზღვაო ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნის შესაქმნელად. უკრაინის პორტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გლობალური საკვების მიწოდებისთვის და ჩვენ გავაგრძელებთ მათი დაცვისთვის საჭირო იარაღის მიწოდებას". – წერს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი.

წერილის ბოლოს ბორის ჯონსონი აღნიშნავს, რომ დასავლელი მოკავშირეები საკუთარ უსაფრთხოებასთან და უკრაინასთან ერთად პუტინის მომაკვდინებელი ოცნებებისგან მთელი მსოფლიოს დაცვას შეეცდებიან.

კომენტარები