რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნორვეგიამ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალა

ნორვეგია, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის, ალიანსის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტს შეუერთდა და რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვა აკრძალა.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები დღეიდან, 17 მაისიდან ამოქმედდა. 

"რუსეთიდან ნედლი ნავთობისა და სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის აკრძალვა დაუყოვნებლივ შედის ძალაში, მაგრამ რეგულაციები 2022 წლის 5 დეკემბრამდე ნედლი ნავთობისთვის, ხოლო 2023 წლის 5 თებერვლამდე ნავთობპროდუქტებისთვის გარდამავალ პერიოდებს შეიცავს". - ნათქვამია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, სანქციები რუსეთის ომის მანქანის დაფინანსების შეჩერებას ისახავს მიზნად. ასევე, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დაწესებული შეზღუდვები რუსეთის რეჟიმის მთავარ მხარდამჭერთა წინააღმდეგაა მიმართული.

31 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, მოსკოვისთვის სანქციების მეექვსე პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რაც რუსეთიდან ნავთობის ნაწილობრივ, საზღვაო გზით იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს. 

ამას გარდა, სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს რუსეთის უმსხვილესი ბანკის, სბერბანკის SWIFT-ის სისტემიდან გარიცხვას, ევროკავშირის ტერიტორიაზე სამი რუსული სამთავრობო არხის მაუწყებლობის შეზღუდვასა და უკრაინაში ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების ტაწესებას. ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელ პირთა სია მომდევნო დღეებში გამოქვეყნდება.

სანქციების პაკეტი 1 ივნისიდან ამოქმედდა.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, სანქციები დაუყოვნებლივ შეეხება ევროკავშირში იმპორტირებული რუსული ნავთობის 75%-ს, წლის ბოლომდე კი 90%-ს.

კომენტარები