რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, მოსკოვისთვის სანქციების მეექვსე პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რაც რუსეთიდან ნავთიბის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებს. 

დაწესებული სანქციების მიხედვით, ევროკავშირი რუსული ნავთობის საზღვაო გზით მიღებაზე უარს ამბობს. ამჟამად გამონაკლისი არის მილსადენი დრუჟბა, რომელიც უნგრეთის მთავარი ნავთობმიმწოდებელი ხაზია. ამ გამონაკლისის მეშვეობით, შესრულდა უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მოთხოვნა, რომელიც სრულ ემბარგო ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს.

ევროკავშირი ამბობს უარს რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე. 

ამას გარდა, სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს რუსეთის უმსხვილესი ბანკის, სბერბანკის SWIFT-ის სისტემიდან გარიცხვას, ევროკავშირის ტერიტორიაზე სამი რუსული სამთავრობო არხის მაუწყებლობის შეზღუდვასა და უკრაინაში ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებას. ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელ პირთა სია მომდევნო დღეებში გამოქვეყნდება.

სანქციების პაკეტი 1 ივნისიდან ამოქმედდება.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, სანქციები დაუყოვნებლივ შეეხება ევროკავშირში იმპორტირებული რუსული ნავთობის 75%-ს, წლის ბოლომდე კი 90%-ს. 

კომენტარები