ევროკავშირი-საქართველო

პირობები, რომლითაც ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაჰპირდა

ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე დასკვნა მოამზადა. შედეგად, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ხოლო საქართველოსთვის – არა. 

ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით შეფასებითი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმ პირობებზე, რომელიც ქვეყანამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. 

კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც აღნიშნულ პრიორიტეტებს დააკმაყოფილებს:

  • მოაგვაროს პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებითა და პოლიტიკური პარტიებს შორის თანამშრომლების უზრუნველყოფით;
  • უზრუნველყოს სახელმწიფო ინსტიტუტის სრული ფუნქციონირება, დამოუკიდებლობა და ეფექტური ანგარიშვალდებულება. გააუმჯობესოს საარჩევნო ჩარჩო, ეუთოს/ოდირის და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ აღნიშნული ყველა ხარვეზების აღმოფხვრით;
  • მიიღოს და განახორციელოს გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგია და 2021 წლის შემდგომი სამოქმედო გეგმა, რომელიც დაფუძნებულია ფართო, ინკლუზიურ და მრავალპარტიულ საკონსულტაციო პროცესზე; უზრუნველყოს სასამართლო სისტემა, რომელიც იქნება სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლოს ინსტიტუციური ჯაჭვის ნებისმიერ რგოლზე, ასევე უზრუნველყოფილი იქნას ძალაუფლების განაწილება.უზრუნველყოს ყველა სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტების, განსაკუთრებით უზენაესი სასამარლოსი, გამართული ფუნქციონირება და აღმოფხვრას ყველა გამოვლენილკ ხარვეზი, მათ შორის ყველა დონის მოსამართლისა და გენერალური პროკურორის კანდიდატის წარდგენა. განახორციელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დარჩენილი წევრები. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს;
  • გაძლიერდეს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, ყველა საკვანძო ანტიკორუფციული ფუნქციის გაერთიანებით, კერძოდ მკაცრად გადაწყდეს მაღალი დონის კორუფციული საქმეები; აღიჭურვოს ახალი სპეციალური საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის სერვისები მათი მანდატის შესაბამისი რესურსებით, უზრუნველყოფილი იყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა;
  • ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებში გადაჭარბებული გავლენების აღმოფხვრით განხორციელდეს "დეოლიგარქიზაციის" ვალდებულება;
  • გაძლიერდეს ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საფრთხის დეტალური შეფასების საფუძველზე, კერძოდ, სრულყოფილი გამოძიების, სასამართლო დევნის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდადებების სანდო ჩანაწერების უზრუნველყოფით; სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და კონტროლის გარანტირება;
  • საქართველომ უნდა განახორციელოს უფრო ძლიერი რეფორმები თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიის გარემოს უზრუნველსაყოფად. განსაკუთრებით მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. მუქარის არსებობის შემთხვევაში, უნდა დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიება ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების უსაფრთხოებისთვის;
  • სასწრაფოდ გადაიდგას ნაბიჯები მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებების დაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის, ევროკომისია სტატუსისთვის ძალადობის წამქეზებელთა გასამართლებასაც მოითხოვს;
  • ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს გენდერული თანასწორობა და აღკვეთოს ქალთა მიმართ ძალადობა;
  • ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე;
  • საქართველომ უნდა მიიღოს კანონმდებლობა, რათა ქვეყნის სასამართლოებმა განხილვისას პროაქტიულად გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები;
  • ახალი სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) წარდგენის პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს უნდა მიენიჭოს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს ოფისის ეფექტური ინსტიტუციური დამოუკიდებლობა;
  • კომისია დააკვირდება საქართველოს პროგრესს ამ პრიორიტეტების გადაჭრაში და მასზე წარადგენს ანგარიშს 2022 წლის ბოლოსთვის. გაწევრიანების პროცესი რჩება დადგენილ კრიტერიუმებსა და პირობებზე დაფუძნებული. ეს საშუალებას აძლევს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც პროცესშია, საკუთარი დამსახურების საფუძველზე პროგრესს მიაღწიოს, თუმცა ასევე ნიშნავს, რომ ევროკავშირისკენ გადადგმული ნაბიჯები შეიძლება უკან დაბრუნდეს, თუ ძირითადი პირობები აღარ იქნება დაკმაყოფილებული;

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხე ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისს მიიღებს.

3 მარტს საქართველომ, ასევე მოლდოვამაც, ევროკავშირის წევრობის განაცხადი წარადგინა, ხოლო 11 აპრილს თბილისმა მიიღო წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. კითხვარის პირველი ნაწილის შევსების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ბრიუსელში ის 2 მაისს გაგზავნა. 10 მაისს გაიგზავნა მეორე ნაწილი.

იქამდე, 28 თებერვალს ევროკავშირის წევრობის განაცხადი უკრაინამ წარადგინა.

გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭების შესახებ ცნობილი 23-24 ივნისს გახდება. 

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების საერთო განცხადებაში უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას საქართველო განცალკევებულად იყო ნახსენები.

9 ივნისს ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა და მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. რეზოლუციაში შესულ ერთ-ერთ შესწორებაში საუბარი იყო ევროკავშირის მხრიდან ოლიგარქისა და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრითვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების განხილვის რეკომენდაციაზეც.

კომენტარები