ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკომისიის მიერ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაცია "ერთგვარი მხირედი წახალისებაა".
"მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ საქართველო ყველა გაზომვადი პარამეტრით წინ უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას, იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა, ევროკავშირთან სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობა თუ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების საერთო შესრულება. თუმცა, ისიც გვესმის, რომ ევროპული კომისია და ევროპული საბჭო იღებენ არა ექსპერტულ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, არსებულ არაორდინალურ პოლიტიკურ ვითარებაში ევროკომისიის გადაწყვეტილებას აქვს თავისი ლოგიკური პოლიტიკური ახსნა.
რუსეთის სამხედრო აგრესიამ და მიმდინარე ომმა უკრაინას უკვე უმძიმესი ჰუმანიტარული და ეკონომიკური ზიანი მიაყენა, ომის შედეგად დაიღუპა ათიათასობით უკრიანელი სამხედრო და სამოქალაქო პირი. ყოველი მესამე უკრაინელი დევნილად ან ლტოლვილად არის ქცეული, განადგურებულია ქვეყნის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, დანგრეულია ასობით ქალაქი და სოფელი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები უკრაინული ეკონომიკის 45%-ით ვარდნას პროგნოზირებენ. ამ ფონზე უკრიანისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ერთგვარი მცირედი წახალისება, რაც ჩვენს მეგობარ ქვეყანას ევროკავშირისგან უსათუოდ უნდა მიეღო. ჩვენ დღეს მოვისმინეთ ერთ-ერთი ევროპელი ლიდერის განცხადება იმის შესახებ, რომ ჩვეულებრივ პირობებში უკრაინა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა და ის სტატუსს სწორედ ომის გამო იღებს". - ამბობს კობახიძე.
ქართული ოცნების თავმჯდომარე ასევე ამტკიცებს, რომ ევროკომისიამ მოლდოვასთვის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია კონფლიქტის ზონასთან გეოგრაფიული სიახლოვიდან გამომდინარე გასცა.
"მაშინ, როდესაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 14.5% შეადგინა, მოლდოვის ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 1% იყო. ამასთან, მოლდოვას ნახევარმა მილიონმა უკრაინელმა ლტოლვილმა შეაფარა თავი, რაც 2.5 მილიონიან ქვეყანას, ბუნებრივია, უმძიმეს ტვირთად აწვება, ხოლო ევროკავშირი შესაბამის ტვირთს უშუალოდ უმსუბუქებს. უკრაინაში მიმდინარე ომის მძმე ეკონომიკური და ჰუმანიტარული გავლენის გათვალისწინებით, მოლდოვასაც უნდა მიეღო წახალისება, რაც მის რთულ მდგომარეობას, მართალია, ეკონომიკურად არა, მაგრამ პოლიტიკურად გარკვეულწილად მაინც შეამსუბუქებს". - ამბობს ირაკლი კობახიძე.
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე დასკვნა მოამზადა. შედეგად, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ევროკომისიამ საქართველოს ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, საქართველოს სტატუსის მისაღებად შესაბამისი წინაპირობების შესრულება დასჭირდება.
ამის შემდეგ, ევროკომისიის შეფასების საფუძველზე, ევროკავშირის უმაღლესმა პოლიტიკურმა ინსტიტუტმა, ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მიენიჭოს თუ არა აღნიშნულ ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. შესაძლებელია, საბჭომ ქვეყანას დაუყენოს წინაპირობები კავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხე ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისს მიიღებს.
3 მარტს საქართველომ, ასევე მოლდოვამაც, ევროკავშირის წევრობის განაცხადი წარადგინა, ხოლო 11 აპრილს თბილისმა მიიღო წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. კითხვარის პირველი ნაწილის შევსების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ბრიუსელში ის 2 მაისს გაგზავნა. 10 მაისს გაიგზავნა მეორე ნაწილი.
იქამდე, 28 თებერვალს ევროკავშირის წევრობის განაცხადი უკრაინამ წარადგინა.
გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭების შესახებ ცნობილი 23-24 ივნისს გახდება.
ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების საერთო განცხადებაში უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას საქართველო განცალკევებულად იყო ნახსენები.
9 ივნისს ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა და მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. რეზოლუციაში შესულ ერთ-ერთ შესწორებაში საუბარი იყო ევროკავშირის მხრიდან ოლიგარქისა და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრითვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების განხილვის რეკომენდაციაზეც.





