რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Gazprom: კომპანია გერმანიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას 40%-ზე მეტით ამცირებს

REUTERS/Dado Ruvic/Illustration

რუსული ენერგოგიგანტის გაზპრომის მიერ Telegram-ზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, კომპანია გერმანიისთვის Nord Stream-ის გაზსადენის გავლით ბუნებრივი აირის მიწოდებას 40%-ზე მეტით ამცირებს. 

კომპანიის განცხადებით, მათ დღეში ჩვეულებრივი მოცულობის, 167 მილიონი კუბური მეტრის ნაცვლად, მხოლოდ 100 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდება შეუძლიათ.

კომპანიის ცნობით, ამის მიზეზი გერმანული კონცერნის - სიმენსის მიერ საჭირო ნაწილების მიწოდების დაგვიანებაა, რის გამოც რუსულ სადგურზე სარემონტო სამუშაოები დროულად ვერ დასრულდა. 

გაზპრომის ინფორმაციით, ამჟამად პორტოვაიას სადგურზე მხოლოდ სამი გაზის სატუმბი დანადგარის გამოყენებაა შესაძლებელი. 

მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც "არამეგობრულ ქვეყნები" რუსული გაზის შეძენას მხოლოდ რუბლში შეძლებენ. კანონი ძალაში პირველი აპრილიდან შევიდა

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიამ გაზპრომმა ბუნებრივი აირის მიწოდება უკვე შეუწყვიტა პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთსა და ნიდერლანდებს

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები