რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროპის რომელი ქვეყნები ყიდულობენ ბუნებრივ აირს რუსეთისგან?

მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც "არამეგობრულ ქვეყნები" რუსული გაზის შეძენას მხოლოდ რუბლში შეძლებენ. კანონი ძალაში პირველი აპრილიდან შევიდა

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიამ გაზპრომმა ბუნებრივი აირის მიწოდება უკვე შეუწყვიტა პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთსა და ნიდერლანდებს

რუსეთის გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ფინეთისთვის გაზის მიწოდება შესაძლოა უკავშირდებოდეს სკანდინავიური ქვეყნის სურვილს, გახდეს NATO-ს წევრი სახელმწიფო. ფინეთი გაზის დიდ ნაწილს რუსეთისგან იღებს, თუმცა ბუნებრივი აირი ქვეყნის ენერგიის მოხმარების  მხოლოდ ერთ მეათედს შეადგენს. 

ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, უნგრეთსა და სლოვაკეთში, ბუნებრივი აირის კომპანიები დათანხმდნენ, რომ გაზპრომბანკის გავლით ბუნებრივი აირის საფასური ევროში გადაიხადონ და შემდეგ ბანკმა დააკონვერტიროს თანხა რუბლში.

Financial Times ინფორმაციით, ავსტრიასა და იტალიის გაზის კომპანიებიც გეგმავენ, გაზპრომბანკში ანგარიშების გახსნას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განმარტა, რომ რუსეთის მოთხოვნების შესრულება - ენერგორესურსის რუბლში შეძენა ევროკავშირის სანქციების დარღვევად ჩაითვლება, შესაბამისად, რუბლში გადამხდელმა კომპანიებმა "ეს მაღალი რისკი უნდა გაითვალისწინონ". გასულ კვირას ევროკავშირმა განმარტა, რომ თუ კომპანიები რუსულ გაზს ევროში შეიძენენ და მიიღებენ ამის დამადასტურებელ დოკუმენტს - ეს სანქციების დარღვევად არ ჩაითვლება.

რა რაოდენობის ბუნებრივ აირს აწვდის რუსეთი ევროპას? 

2019 წლისთვის ევროკავშირში იმპორტირებული ბუნებრივი გაზის 41% რუსული იყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველაზე დიდი იმპორტიორი იტალია და გერმანიაა, ევროპაში რუსული გაზის მიწოდების შეჩერება განსაკუთრებით სწორედ ამ ქვეყნებს დააზიანებს. 

რუსეთი გაზს ევროპაში რამდენიმე მაგისტრალური მილსადენით აგზავნის. გაზი რეგიონულ საწყობებში გროვდება და შემდეგ კონტინენტზე ნაწილდება.

ევროპას შეუძლია რუსეთის ჩასანაცვლებლად გაზის სხვა იმპორტიორებს - კატარს, ალჟირს ან ნიგერიას, მიმართოს, თუმცა წარმოების სწრაფად გაფართოებისთვის ისევ ბევრი პრაქტიკული დაბრკოლება რჩება.

ამერიკის შეერთებული შტატები მიმდინარე წლის ბოლოსთვის ევროპაში დამატებით 15 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის გაგზავნას გეგმავს.

კომენტარები