რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გაზპრომმა ჰოლანდიურ კომპანიას, GasTerra-ს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა

REUTERS/Dado Ruvic/Illustration

რუსულმა კომპანიამ, გაზპრომმა დაადასტურა, რომ ჰოლანდიურ კომპანიას GasTerra-ს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. 

"გაზპრომმა GasTerra B.V.-ს (ნიდერლანდები) რუბლებში გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად შეუწყვიტა“. - წერს კომპანია.

30 მაისს GasTerra-ს დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ მსგავსს ქმედებას მოელოდა. მისივე თქმით,ზარალის დასაფარად გაზს სხვა წყაროებიდან შეიძენენ.

31 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა არამეგობრულ ქვეყნებთან ბუნებრივი აირით ვაჭრობის განკარგულებას, რომელიც გულისხმობს, რომ გარკვეულ ქვეყნებს გაზს რუბლში მიყიდიან.

თუ არამეგობრული ქვეყნები ბუნებრივი აირის რუბლებში შესყიდვაზე უარს იტყვიან, მათ გაზის მიწოდება შეუჩერდებათ. რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია უკრაინაში შეჭრის გამო მის მიმართ ახალი სანქციების დაწესების შემდეგ განაახლა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები